დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს
დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.

პეტრეუსის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ვაშინგტონის შესაძლო პასუხის შესახებ რუსეთს არაერთხელ აცნობეს.

„უბრალოდ რომ შეგიქმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა – ჩვენ ვუპასუხებდით ნატო-ს კოლექტიური ძალისხმევით, რომლის ფარგლებშიც გავანადგურებდით კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც დავინახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში, და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა პეტრეუსმა „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში.

შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-სა და აშშ-ის ჩართვას უკრაინის ომში, პეტრეუსმა უპასუხა, რომ ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, რადგანაც უკრაინა არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

თუმცა, პეტრეუსი იმასაც ამბობს, რომ ბირთვული აფეთქების შედეგად რადიაციის გავრცელება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს, შეიძლება ჩაითვალოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „პუტინი სასოწარკვეთილია“, რადგანაც უკრაინის ძალების აღმოსავლეთში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ.

„რეალობა, რომელიც არის ბრძოლის ველზე, ჩემი აზრით, შეუქცევადი პროცესია. ვერც ეს უწესრიგო მობილიზაცია, ვერც ეს შეფარული ბირთვული მუქარა და ბირთული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაც კი ვერაფერს შეცვლის და პუტინს ამ სიტუაციიდან ვერ გამოიყვანს“, – განაცხადა პეტრეუსმა.