დევიდ მაკკალისტერი - უნდა ვიმუშაოთ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ამას პოლიტიკურ იარაღად იყენებს
სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა.
მაკკალისტერის თქმით, ევროპის ენერგოპოლიტიკამ ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, უნდა იმუშაონ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ენერგოიმპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
„სანქციების პაკეტები შევიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ის უპრეცედენტოა; მსგავსი სიმკაცრის სანქციები ევროკავშირს არასდროს დაუმტკიცებია. ეს სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. ეს არის ჩვენი მეთოდი, ვუპასუხოთ საერთაშორისო სამართალსა და ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურაზე ასეთ სასტიკ ძალადობას. დავამტკიცეთ ფართო მოცულობის სანქციები, თუმცა მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განვითარებამ შესაძლოა, დღის წესრიგში დააყენოს ახალი სანქციების საჭიროება. უკრაინაზე იქნება ფოკუსირებული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა 10-11 მარტს ვერსალის სამიტზე. რაც შეეხება ენერგიას, ერთი საკითხი ცხადია, რომ ევროკავშირი, განსაკუთრებით რამდენიმე წევრი ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული მესამე ქვეყნების, ამ შემთხვევაში – რუსეთის ენერგოიმპორტზე. ეს ეხება ჩემს მშობლიურ ქვეყანას – გერმანიასაც. ჩვენ ფართოდ ვართ დამოკიდებული რუსულ ნახშირზე, ბუნებრივ აირსა და ნავთობზე. ამიტომ მოგვიწევს, ძალიან სწრაფად ვიმუშაოთ ენერგორესურსებისა და ენერგომარაგების დივერსიფიცირებაზე; მოგვიწევს, გავზარდოთ განახლებადი ენერგია, უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, როგორ შევამციროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება. ევროპის ენერგოპოლიტიკამ ახლა ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან დიქტატორ პუტინის რეჟიმი ენერგოიმპორტს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, იყენებს“, – განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.