დევიდ მაკალისტერი - საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას
დევიდ მაკალისტერი - საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას

საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი.

„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი პუნქტი ჩამოვთვალო: პირველი – პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მოთამაშეებს შორის; მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა; მესამე – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას; მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები; დაბოლოს, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.