დევიდ მაკალისტერმა არასამთავრობოთა წარმომადგენლებს მიმართა - ძვირფასო სტუმრებო საქართველოდან, თქვენ აჩვენეთ შესანიშნავი გამბედაობა, ასე გააგრძელეთ
ძვირფასო ვიზიტორებო და სტუმრებო საქართველოდან, ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა აჩვენეთ შესანიშნავი გამბედაობა, დაიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპული მომავალი თქვენი ქვეყნისთვის, – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებიან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრებიან.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე დასწრება არის ძლიერი გზავნილი, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების მიმართ.
„ნება მიბოძეთ, დავამატო, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. მადლობა, რომ აქ ხართ, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ საქართველოსთვის. ასე გააგრძელეთ“,- აღნიშნა მაკალისტერმა.
ევროპარლამენტში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ნინო ევგენიძე, ქეთევან ხუციშვილი, აგრეთვე, ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია და ქეთი ქერიშვილი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტში გუშინ სიტყვითაც გამოვიდნენ.