დევიდ მაკალისტერი - ჩვენ არ გვსურს, შევიჭრათ შიდა პოლიტიკაში, ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, მაგრამ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო მიდის წინ
დევიდ მაკალისტერი - ჩვენ არ გვსურს, შევიჭრათ შიდა პოლიტიკაში, ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, მაგრამ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო მიდის წინ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რა დროსაც გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ყოველთვის ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესების განვითარებას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ქვეყანაში განვითარებული პროცესებისადმი. ჩვენ არ გგვსურს, პოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გაღრმავება ვიხილოთ და გვჯერა, რომ ახლა მოვიდა დრო, მთავრობა და ოპოზიცია დასხდეს ერთად და იმსჯელონ თქვენი ქვეყნის მომავალზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად ჩაერთო და ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროკავშირისთვის საქართველო და საქართველოს მოქალაქეები, როდესაც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ცდილობს დიალოგის ფასილიტაციას და მან გააგზავნა კრისტიან დანიელსონი, ყველაზე გამოცდილი დიპლომატი ევროკავშირში, ვისაც ბოლო წლებში შევხვედრივარ.

ახლა, ერთი მხრივ, კრისტიან დანიელსონი, როგორც სპეციალური წარმომადგენელი და მეორე მხრივ, თბილისში მყოფი კარლ ჰარცელი და მისი გუნდი, ორი ძალიან გამოცდილი შვედი დიპლომატი ცდილობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციების დაახლოებას.

მივესალმები იმ პირველ შეხვედრას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მივესალმები მთელი გულით, რადგან ევროკავშირი არ არის მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ არ გვსურს, შევიჭრათ შიდა პოლიტიკაში, ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ჩვენ ვუსმენთ ოპოზიციას, მაგრამ რისი დანახვაც გვინდა, არის ის, რომ თქვენი ქვეყანა მიდის წინ“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

მისივე თქმით, კარგია რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი არსებობს, რაც პირველი ნაბიჯია. მაკალისტერის შეფასებით, კომპრომისის მოსაძებნად მზადყოფნა მნიშვნელოვანია.

„კარგია, რომ პირველი ნაბიჯი არის, დიალოგი არსებობს და დემოკრატიაში ბოლოს, კომპრომისის პოვნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მზაობა. დემოკრატიაში სრულიად ბუნებრივია, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გჭირდება გამოსავალი. მე პრემიერთან ცხადად გამოვხატე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას და ოპოზიციას სჭირდება ერთად დასხდომა და საუბარი, დღეს ეს პირველი შეხვედრა თბილისში მიმდინარეობს. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება შედეგი. ყველა საკითხი ერთ შეხვედრაში არ გადაწყდება, ეს არის დასაწყისი დიალოგის პროცესის, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს მომგებიანია ყველასთვის, ამ დიდებული ქვეყნის თითეული მოქალაქისთვის, რომ გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, მხარდაჭერილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და იყოს კარგი პირობები, როდესაც მთავრობასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას ეცოდინება, რომ ჩვენ არ ვიჭრებით შიდა პოლიტიკურ დებატებსა და მოედანზე.

პრემიერს სჯერა ამის, ის მოწადინებულია დიალოგის გაგრძელებით, ჩვენ დიდი მხარდაჭერით გავაგრძელებთ  დიალოგის პროცესის დაკვირვებას, ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის, მიუხედავად პარტიულობისა, შემაშფოთებელი იყო ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები და ახლა ყველამ უნდა აჩვენოს პასუხისმგელობა. ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს ამ ქვეყნის წინ წაყვანში, მოქალაქეების, მომავალი თაობისთვის, რომლებიც ძალიან მჯერა, რომ იპოვიან საკუთარ ადგილს ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.