ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) გუნდ „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი დევიდ ბექჰემი ძალებს არ დაიშურებს, რომ თავის გუნდში „მანჩესტერ სიტიდან“ დავიდ სილვა გადაიბიროს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „მირორი“ იუწყება.
ირკვევა, რომ ამერიკული კლუბი მზად არის, 34 წლის ესპანელი ნახევარმცველი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.
სილვას კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება და, როგორც მიმდინარე სეზონის დასაწყისში გახდა ცნობილი, ამის შემდეგ ესპანელი გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს. მთლიანობაში, სილვამ მანჩესტერულ გუნდში 10 წელი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამი“ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ჩამოყალიბდა: ამ კლუბის პრეზენტაციის ოფიციალურ თარიღად 2020 წლის 28 იანვარი ითვლება.
აღსანიშნავია, რომ გუნდმა MLS-ში ჯერ მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივე შემთხვევაში წააგო.