დევი ტაბიძე - „ომიკრონთან“ გასამკლავებლად უნდა ვიყოთ მზად, ერთადერთი მზადება კი დღეს არის ბუსტერი და ზოგადად აცრა
დევი ტაბიძე - „ომიკრონთან“ გასამკლავებლად უნდა ვიყოთ მზად, ერთადერთი მზადება კი დღეს არის ბუსტერი და ზოგადად აცრა

„ომიკრონთან“ გასამკლავებლად უნდა ვიყოთ მზად, ერთადერთი მზადება კი დღეს არის ბუსტერი და არის ზოგადად აცრა, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აცრა არ არის 100%-იანი დაცვა და პანაცეა, რომ გინდა თუ არა, ამას გავიკეთებ და გადამარჩენს, მაგრამ ეს არის დაცვა, რომ დაავადება შედარებით მსუბუქად ჩაივლის, ჰოსპიტალიზაციის მძიმე ფორმა არ მოხდება, არ მოვხვდებით რეანიმაციაში და ბოლოს და ბოლოს, არ იქნება ლეტალური შედეგი“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, ქვეყანამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობას დახმარების საშუალება სწრაფად მიეწოდოს.

„ომში ტყვია რომ გაგითავდება, სამხედრო პერსონალი რომ ტყვიის გარეშე დატოვო და არც მეტი, არც ნაკლები, ეშაფოტზე შეაგდო, დაახლოებით, ასეთი ვარიანტია. დღეს, ეს ტყვია, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით არის ვაქცინა. კი, გასაგებია, რომ ვაქცინების მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებში სამუშაოა ჩასატარებელი. მთავარია, ერი გადავარჩინოთ, რადგან ჩვენ მომავალი თაობა გვყავს, შვილები, შვილიშვილები და ამ ბავშვებთან ათასი საშინელება მიგვაქვს. ჩვენთან, პედიატრიულ განყოფილებაში იცით, როგორი მდგომარეობაა?! ათი პაციენტიდან შვიდის დედა აუცრელია. არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ როგორ. მე ამის ახსნა არ მაქვს. დაახლოებით, 1982 წლიდან ვარ ჯანდაცვაში და ახსნას უბრალოდ, ვერ ვპოულობ. დედა რომ არ აიცრება, შვილს კორონავირუსი დაემართება და ამის მერეც არ იცრება, აქ რაღაც ფსიქიკის და მენტალიტეტის პრობლემა მგონია“, – განაცხადა ტაბიძემ.

დევი ტაბიძემ ასევე განაცხადა, რომ სხვა აცრების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება არ არის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემთხვევაში.

„ბავშვი რომ იბადება, შენი შვილი, შვილიშვილი და შენ თვითონაც რომ იბადები, დღეს არავინ გეკითხება, დიფტერიის, წითელას, ყბაყურას და ა.შ. აცრა გინდა თუ არა. ვაქცინა ისე გიკეთდება, რომ ვაქცინაციის კალენდარი იყოს დაცული. შენ დადიხარ მერე და ბავშვს ცრი ისე, რომ ამას არავინ კითხულობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემთხვევაში კი რაღაც ისტერიკაა“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისივე თქმით, აცრების იმ რაოდენობით, რომლითაც საქართველო „ომიკრონს“ დახვდა, ვირუსთან ბრძოლა ძალიან გაჭირდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ საქართველოში გვაქვს ჰოსპიტალური ინფექციით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ საავადმყოფოს შიდა ინფექციები ყოველთვის იყო, არის და იარსებებს.

„გარდა იმისა, რომ მინისტრმა განაცხადა, ეს მოქალაქეებმაც კარგად იციან, რომ საავადმყოფოს შიდა ინფექციები ყოველთვის იყო, არის და იარსებებს. ამას ვერავინ მოსპობს. ასეთი ეპიდღონისძიება – ნოზოკომიური ინფექციების შეჩერება და შეწყვეტა ბუნებაში არ არსებობს. ის აუცილებლად გაიპარება და აუცილებლად იარსებებს, ორი აზრი არ არის. ჩვენთან მისი გავრცელება და წილიც მაღალია, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც დაცული არ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. მთელმა მსოფლიომ ვერ უზრუნველყო ამის დაცვა და მარტო საქართველოს მოვთხოვოთ? ეს ვითომ, მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ არის ურთულესი პრობლემა. ჩვენ ქვეყანაში ეპიდკონტროლი და ეპიდსიტუაცია იცით, როდის მოიშალა? – როდესაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურები გაუქმდა. ახლა არ მინდა იმ მინისტრების და მოადგილეების სახელ-გვარების დასახელება, მაგრამ გვახსოვს, ერთ დილას რომ გაიღვიძეს და თქვეს, ეს ფულის საკეთებელი ქარხანა ყოფილაო და მოშალეს ყველაფერი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.