დევი ტაბიძე - მეზობლებისა და ნათესავების გაურკვეველი ჭორების, არასწორი ინფორმაციის შედეგად აგორებულია კამპანია, რომელმაც სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესს რეალურად აჯობა
დევი ტაბიძე - მეზობლებისა და ნათესავების გაურკვეველი ჭორების, არასწორი ინფორმაციის შედეგად აგორებულია კამპანია, რომელმაც სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესს რეალურად აჯობა

6 000 და მეტი მაჩვენებელი ჩვენი ერისთვის არის ტრაგიკული, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა, დევი ტაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ხალხი აცრილი არ არის, ადამიანები პროტესტს აცხადებენ და მე ვიცი, რომ თქვენი ტელევიზიის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეტყობა, არ არის სრული ის საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობამდე ვერ მივიდა ზუსტი მესიჯი, პრობლემის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების შესახებ. მეზობლებისა და ნათესავების გაურკვეველი ჭორების, არასწორი ინფორმაციის შედეგად აგორებულია კამპანია, რომელმაც სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესს რეალურად აჯობა. მოდი, პირდაპირ ვთქვათ – ეს კამპანია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვაქცინაციის კამპანია“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, კოვიდით დაავადებული ადამიანების გარდაცვალება  საშინელი კოშმარია.

„მე არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ, არც მეტი არც ნაკლები, იმ სარეცელზე მოხვედრას. ძალიან მძიმე სიკვდილით ხდება გარდაცვალება. ის, რაც იქ ხდება, არის საშინელი სანახავი და საშინელი კოშმარი. არ ვიცი, ამ ყველაფერს მართლა ფილმებად ხომ არ გადავიღებთ და ვაჩვენებთ, რომ აი, ეს ასე მთავრდება?!“ – განაცხადა ტაბიძემ.

დევი ტაბიძემ ასევე განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, ბავშვი სკოლაში წავიდეს და მისი მშობელი, ან პედაგოგი აცრილი არ იყოს, ან მედიცინის მუშაკი არ იყოს აცრილი.

„ადამიანო, რეანიმაციულ განყოფილებაში რომ შევარდები, კამიკაძე ხომ არ ხარ, არ გაქვს იმის შიში, რომ დაინფიცირდები და ამ ინფექციას ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან მიიტან, ყველა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ?!“ – განაცხადა ტაბიძემ.

დევი ტაბიძემ ასევე განაცხადა, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტების 90-95% სრულიად აუცრელია, ორჯერადად აცრილი პაციენტები კი მძიმე მდგომარეობაში არ არიან და ისინი რეანიმაციაში არ ხვდებიან.

„ამის შემდეგ არიან ერთჯერადად აცრილები, ხოლო შემდეგ არიან პაციენტები, რომლებიც არ იყვნენ აცრილები და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, რაც დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს“, – განაცხადა ტაბიძემ.

როგორც დევი ტაბიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა შეიგრძნო ის, რომ ერი სერიოზული საშიშროების წინაშე დგას და მან, როგორც ერის პრეზიდენტმა, დროული განცხადება გააკეთა.

„მე მას ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებ. დღეს მართლაც კულმინაცია იყო ამ ყველაფერის, რომ პრეზიდენტი დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და მე ამ ყველაფერს ძალიან დიდი კმაყოფილების შეგრძნებით ვუყურებდი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინც აცრილი არ არის, იმას არ ვუმკურნალოთ და ა.შ. ეს ჰიპოკრატეს ფიცში არ შედის. ჩვენ მტერსაც ვმკურნალობთ და მოყვარესაც. მკურნალობას არც ეროვნება გააჩნია, არც სქესი და არც ასაკი. ამიტომ, ეს ცოტა რთული თემაა და ამას თავი დავანებოთ. იმიტომ, რომ იმ ჩანაწერში, კანონმდებლობაში, რომელიც თავის დროზე იქნა შემოღებული, კოვიდინფიცირების მკურნალობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ადამიანებამდე უშუალოდ მისვლა და ახსნა იმისა, თუ რატომ არის საჭირო ვაქცინაცია.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა სურათი შეიძლება გვქონდეს დეკემბერში, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელი და სხვა, დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, სურათი არასახარბიელო იქნება.

„უკეთეს მდგომარეობას ნუ დაველოდებით. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შედეგებზე აისახება“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.