დევი ტაბიძე - ციფრები საგანგაშოა, კორონავირუსთან თამაში არ შეიძლება, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ შემთხვევები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება
დევი ტაბიძე - ციფრები საგანგაშოა, კორონავირუსთან თამაში არ შეიძლება, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ შემთხვევები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა. გამოსავლებზე საუბრისას დევი ტაბიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, დაანახვონ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა.

„დღევანდელი ციფრები ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ეს პრაქტიკულად, 2021 წლის ყველაზე პიკურ მდგომარეობას იმეორებს, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რამდენიმე მიმართულებაა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე მთავარია, რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას მივაწოდოთ ზუსტი მესიჯი და თუნდაც დავანახვოთ, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან ყოველმხრივ არაორდინარული ვირუსია – როდის, რას გამოავლენს და რომელ ახალ შტამს წამოიღებს, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს მოცემულობა, რომელსაც ჰქვია სეზონური გრიპის ვირუსები, რომელიც უკვე შეერია, ასე ვთქვათ, მოხდა მათი გადაკვეთა. ამ ფორმით კიდევ მოიმატებს და გაიზრდება რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და არ ვიქნებით ორგანიზებულად, შესაძლებელია, სულ მცირე 7 000 შემთხვევას გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე ციფრი, მაგრამ რეალობაა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრებამ.

„ვითარება სტაბილური იყო, ახლა ისევ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და კიდევ გაიზრდება. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რეალურად, ამან ხელი შეუწყო. 10 000 და 50 000 ადამიანის შეკრება არის პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს უკვე გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პაციენტები და სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ამიტომ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი. დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძის თქმით, ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც იზრდება, თუმცა ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების გამოყენების აუცილებლობა არ დგას.

„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი გაძლიერდა, სასტუმროები გაძლიერდა და რაოდენობა მაქსიმალურად შეივსო კლინიკებში“, – აღნიშნა ტაბიძემ.

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი ტემპით ქვეყანა ვერ მიაღწევს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს.

„მომართვიანობა ძალიან დაბალია. ჩემი პირადი მოსაზრებით, შეიძლება ამას დავარქვა ნულოვანი ზღვარი, რადგან რაოდენობა, რომელიც არის, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც გამოაქვეყნა საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ. ამას ყველა ადასტურებს. რაოდენობრივად რომ წავიკითხავთ ციფრს, ვითომ თვალს ხვდება, რომ მაღალია, მაგრამ იქ არის ორჯერადი, ერთჯერადი აცრა. ასევე, არის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბუსტერთან დაკავშირებით გამოთქვამენ სურვილს. თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა-გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – განაცხადა ტაბიძემ.

დევი ტაბიძემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მოსახლეობას აიძულო აიცრას, მაგრამ ამავე დროს, უნდა გატარდეს თუნდაც გარკვეულ იძულებათა ღონისძიებები, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის და მოსახლეობის ჯანმრთელობას დაიცავს.

„არსებობს იურიდიული ნაწილი – არაფრით არ შეიძლება, ვაიძულოთ მოსახლეობა, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მოდით, ეს უზენაესი დავიცვათ, რომ ადამინები იყვნენ ჯანმრთელები. გავატაროთ თუნდაც გარკვეულ იძულებათა ღონისძიებები, რომლითაც ადამიანებს გადავარჩენთ. უნდა შედგეს რეალური სია, ჩამონათვალი იმ სპეციალობების, სამსახურებისა და ადამიანების, რომლებსაც ხშირად უწევთ სოციალური ურთიერთობები. ასეთი პიროვნებები, უპირველესად კი ექიმები, ვალდებულნი არიან, იყვნენ აცრილები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული, 2 ნოემბერს კი აიცრა 3 868 პირი.