Deutsche Bank-ის ოფისებში ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა
გერმანული წამყვანი ბანკის, Deutsche Bank-ის ფრანკფურტისა და მის შემოგარენში არსებულ ფილიალებში დღეს ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე ფართომასშტაბიანი ჩხრეკა ჩატარდა. ევროპის უმსხვილესი ბანკის ოფისებში 170 პოლიციელი, პროკურორები და საგადასახდო ინსპექტორები შევიდნენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფრანკფურტის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახური Deutsche Bank-ის ორ თანამშრომელს ეძებს, რომლებიც სავარაუდოდ, კლიენტებს ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. პროკურატურამ ბანკის ოფისებიდან ელექტრონული და ბიზნეს-დოკუმენტაცია ამოიღო.
Deutsche Bank-მა დაადასტურა მის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკა და განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. ჩხრეკის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ევროპის უმსხვილესი ბანკის აქციების ფასი თითქმის 3 პროცენტით დაეცა.
Deutsche Bank-თან დაკავშირებით ფულის გათეთრების ეჭვები ე.წ. „პანამის ქაღალდების“ გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა. „პანამის ქაღალდები“ პანამაში მოქმედი იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს მიერ გადაცემულ მილიონობით დოკუმენტს მოიცავს, რომელიც მედიას 2016 წლის აპრილში ანონომურმა ავტორმა გადასცა.
ე.წ. „პანამის ქაღალდები“ მსოფლიოს უმდიდრესი და ცნობილი ადამიანების ფინანსურ დოკუმენტებს წარმოადგენს, რომლებიც ოფშორულ კომპანიებს ფლობენ და მართალია ეს თავისთავად უკანონო საქმიანობა არ არის, მაგრამ დოკუმენტაციაში ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების უამრავი შემთხვევა ამოტივტივდა, სადაც მსოფლიოს ცნობილი ფინანსური ინსტიტუტების სახელებიც ფიგურირებენ.
აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევა დაუმტკიცდათ ისეთ ცნობილ შვეიცარული ბანკებს, როგორიცაა Nordea-ი და Handelsbanken-ი. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები მარეგულირებელმა უკვე დააჯარიმა დარღვევების გამო. რაც შეეხება Deutsche Bank-ს, პროკურორები არკვევენ, ხომ არ ეხმარებოდა ბანკი კლიენტებს ოფშორული კომპანიების დაარსებაში ე.წ. საგადასახადო სავანეებში ისე, რომ იქ გადარიცხული თანხები არ კონტროლდებოდა ბანკის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის მიერ.
როგორც ირკვევა, მხოლოდ 2016 წელს Deutsche Bank-ი 900 კლიენტს მოემსახურა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ფილიალების დარეგისტრირებაში. ამ ფირმებში საერთო ჯამში 311 მილიონი ევროს კაპიტალი მოხვდა. პროკურატურის განცხადებით, Deutsche Bank-ის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ბანკის თანამშრომელი ვალდებულია, ფულის გათეთრების ან გადასახადების დამალვის სქემაში კლიენტის მონაწილეობის თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მოახსენოს.
გარდა ამისა, Deutsche Bank-ი ფულის გათეთრების კიდევ ერთ სკანდალურ სქემაში ფიგურირებს, რომელიც დანიური Danske Bank-ის ირგვლივ აგორდა. დანიური ბანკის საქმეს 2007 წელს 200 მილიარდი ევროს მოცულობის საეჭვო გადარიცხვების გამო იძიებენ. როგორც Reuters-ს ანონომურმა წყარომ განუცხადა, ამ თანხის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, Deutsche Bank-ის სისტემაში გატარდა. თუმცა გერმანული უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელის განმარტებით, Deutsche Bank-ი აღნიშნულ საქმეში მეორადი მნიშვნელობისაა, რადგან ის დანიური ბანკის კორესპონდენტ ბანკს წარმოადგენს და არ ფლობს ინფორმაციას ტრანზაქციის უკან მდგომი ხალხის შესახებ.