დეტროიტმა „მედისონ სქუერ გარდენში“ მოიგო - აღმოსავლეთის ლიდერების დაპირისპირება ფილადელფიაში
დეტროიტმა „მედისონ სქუერ გარდენში“ მოიგო - აღმოსავლეთის ლიდერების დაპირისპირება ფილადელფიაში

დეტროიტპისტონსმა“ ბოლო ხუთი თამაშიდან მესამე დაპირისპირება მოიგო. დუეინ კეისის გუნდმა ამჯერად ნიუ-იორკ „ნიქსი“ სტუმრად დაამარცხა. „მედისონ სქუერ გარდენში“ გამართული შეხვედრა სტუმართა სრული დომინაციით აღინიშნა. თამაშის საბოლოო ანგარიშია 105:92 მიჩიგანელთა სასარგებლოდ. ზაზა ფაჩულიამ აუტსაიდერი გუნდის წინააღმდეგ 11 წუთზე მეტხანს ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ბლეიკ გრიფინი დეტროიტის“ ფლაგმანი იყო 29 ქულით. „პისტონსი“ პლეიოფის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. დეტროიტელები „ნიქსს“ ამჯერად საკუთარ მოედანზე 9 თებერვალს მიიღებენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალური დაპირისპირება ფილადელფიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „სიქსერსმა“ ტორონტო „რეპტორზს“ უმასპინძლა. თამაშის მოლოდინმა ნეიტრალური გულშემატკივრის იმედი ვერ გაამართლა. შეხვედრა ნაკლებად დამაინტრიგებელი და საკმაოდ არათანაბარი გამოვიდა. კანადურმა კლუბმა მეტოქეს თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ, ანგარიშით 119:107 დაამარცხა. დასკვნითი მეოთხედის წინ, „რეპტორსი“ 18 ქულის სხვაობით იგებდა და ბოლო 12-წუთიან მონაკვეთში მოწინააღმდეგეს ოდნავ მიახლოების საშუალება მისცა, თუმცა ამან მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა ვეღარ მოახდინა. კავაი ლეონარდმა ტორონტოელებს 24 ქულა შესძინა. ჯოელ ემბიდის 37 ქულა და 13 მოხსნა მხოლოდ კამერუნელი ცენტრის პირადი სტატისტიკისთვის გამოდგა საუკეთესო მაჩვენებელი. ფილადელფია უკანასკნელ პერიოდში არცთუ დამაჯერებელ კალათბურთს თამაშობს. ბრაუნის გუნდმა ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან მესამე შეხვედრა დათმო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. ტორონტო „რეპტორსი“ კი, მილუოკი „ბაქსთან“ ერთად, აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.