დეტროიტმა ლიდერი გაანადგურა - ჰარდენის დომინაცია ფინიქსში გაგრძელდა
11:09, 05.02.2019
„დეტროიტპისტონსი“ „ენ-ბი-ეის“ (NBA) მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი გუნდია. რეგულარულ სეზონში 60 პროცენტზე მეტი უკვე ნათამაშებია და მიჩიგანური კლუბი პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. დეტროიტელებმა, დღეს დილით დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, „დენვერნაგეტსი“ საკუთარ დარბაზში 26 ქულის სხვაობით, ანგარიშით 129-103 გაანადგურეს.
მეტოქის დამარცხებაში ოთხ ქულიანი წვლილი ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 18:48 წუთში მოპოვებულ ქულებს, რვა მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემაც დაუმატა. გამარჯვებულებს 27 ქულით და 12 მოხსნით ანდრე დრამონდმა ულიდერა. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონას ერთი მოგებით ჩამორჩება. დუეინ კეისის გუნდი მომდევნო მატჩს „მედისონ სქუერ გარდენში“, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს
ჯეიმს ჰარდენმა მიმდინარე სეზონში 27-ე თამაში ჩაატარა სადაც 30 და მეტი ქულა გააკეთა. მისმა გუნდმა, არიზონაში ადგილობრივი „ფინიქსსანზი“ 118-110 დაამარცხა. ჰარდენის ანგარიშზე კი ამჯერად 44 ქულა დაფიქსირდა. რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულის მოპოვების მთავარმა კანდიდატმა 44 ქულას, რვა მოხსნა და ექვსი შედეგიანი გადაცემაც დაუმატა. „ჰიუსტონროკეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
ტექსასური კლუბი მომდევნო შეხვედრას „საკრამენტოკინგზის“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.
ნიუ ორეალნსი-ინდიანა 107-109 ბრუკლინი-მილუოკი 94-113 ვაშინგტონი-ატლანტა 129-137 საკრამენტო-სან ანტონიო 127-112