დეტროიტმა ბრუკლინში წააგო - ფაჩულიამ 9 ქულა გააკეთა | დერეკ როუზის რეკორდი და მინესოტას გამარჯვება იუტასთან [ვიდეო]
დეტროიტმა ბრუკლინში წააგო - ფაჩულიამ 9 ქულა გააკეთა | დერეკ როუზის რეკორდი და მინესოტას გამარჯვება იუტასთან [ვიდეო]

სეზონის სტარტზე, ოთხი გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა. „პისტონზმა“ ამჯერად, „ბერკლეის ცენტრში“ ბრუკლინ „ნეტსთან“ ოვერტაიმში განიცადა მარცხი 119-120. ქართველმა კალათბურთელმა, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. ფაჩულია შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 12:45 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 9 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ზაზამ 3 დან 3 ორქულიანი და 5 დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. დეტროიტელთა შორის, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა ანდრე დრამონდმა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა, 24 ქულა და 23 მოხსნა გაიფორმა. ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე 25 ქულაა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითად დროში, ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა ფრე დაფიქსირდა 110-110. დამატებული დროის ბოლო წამებზე, ბრუკლინელებს გამარჯვება სპენსერ დიდუენის ზუსტმა სამქულიანმა მოუტანა. ბოლო შეტევაში, სტუმრებს 4 წამი ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა უშედეგოდ.

პისტონზი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. დუეინ კეისის გუნდი, მომდევნო მატჩს, სტუმრად, ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს

კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა დერეკ როუზმა. მინესოტა „ტიმბერვულვზის“ უკანახაზელმა, იუტა „ჯაზს“ 50 ქულა ჩაუგდო. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში, როუზმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და 50 მოპოვებული ქულიდან, 34 მეორე ტაიმში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსროლელმა მცველმა, ბოლოს, გადამწყვეტი ტყორცნები შეასრულა და მინიაპოლისელებს, 128-125 მოაგებინა. როუზს, კარლ ენტონი თაუნსმაც აუბა მხარი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 28 ქულა და 16 მოხსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტიმბერვულვზი“ მოგება-წაგების, 50 პროცენტიან მაჩვენებელზე გავიდა და დასავლეთ კონფერენციაში, ჯერჯერობით მეათე ადგილზეა. მომდევნო გაჩერება, ოკლენდია. ტიბოდოს გუნდი, ურთულეს გამოცდას, მოქმედი ჩემპიონის, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ ჩააბარებს.