დეშამს ჰკითხეთ - მბაპემ განმარტა, რატომ არ თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ისაუბრა საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დიდიე დეშამთან რთული ურთიერთობის შესახებ. ფორვარდმა გამოტოვა ოქტომბრისა და ნოემბრის სანაკრებო მატჩები და ეროვნულ გუნდში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ხანგრძლივმა პაუზამ მძაფრი კამათი გამოიწვია. ოქტომბერში უთამაშებლობა ფეხბურთელის ტრავმითა და დეშამთან წინასწარი შეთანხმებით ახსნეს, მაგრამ ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო ახსნა-განმარტება არ ყოფილა.
დეშამმა და მბაპემ ამას მწვრთნელის გადაწყვეტილება უწოდეს, მაგრამ დაწვრილებით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამ დღეებში ტელეარხ Canal TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში მბაპე შეეხო ამ თემას და გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში დატოვა.
„ჩემთვის საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის პირველ ადგილზეა. რატომ არ გამომიძახეს ნოემბერში? ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. მე არ შემიძლია მიზეზების ახსნა – თუ მოისურვებს, თვითონ თქვას ამის შესახებ. მე აკრძალული მაქვს. მინდოდა ნოემბერში თამაში, მაგრამ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რომელმაც შემადგენლობაში არ შემიყვანა“, – განაცხადა მბაპემ.
ახლა ყველას აინტერესებს, გამოიძახებს თუ არა დეშამი მბაპეს ნაკრებში 2025 წლის მარტში, როცა საფრანგეთმა ერთა ლიგის მეოთხედფინალი უნდა ითამაშოს ხორვატიის წინააღმდეგ.