დერეკ როუზმა მინესოტას უკანასკნელ წამზე მოაგებინა
დერეკ როუზმა მინესოტას უკანასკნელ წამზე მოაგებინა

სამი მატჩი გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. „მინესოტა ტიმბერვულვზმა“, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის, საკუთარ „თარგეტ ცენტრში“ აუტსაიდერი, „ფინიქს სანზი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. თამაშის გმირი მასპინძელთა გამთამაშებელი დერეკ როუზი გახდა, რომელმაც უკანასკნელ წამზე პერიმეტრიდან ზუსტად ისროლა და თავის გუნდს 116-114 გაამარჯვებინა. როუზმა ორივე გუნდის შემდეგენლობაში ყველაზე მეტი, 31 ქულა მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა კარლ ენტონი თაუნსმა. მინიაპოლისელთა ცენტრმა 30 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა. რაიან სანდერსის გუნდმა სეზონში 22-ე მატჩი მოიგო და დასავლეთში მე-11 პოზიციაზეა.

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ ხუთმატჩიან მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. კალიფორნიელებმა „სან ანტონიო სფერსი“ მისსავე მოედანზე დაამარცხეს, ანგარიშით 103-95. „ეი თი ენდ თი ცენტრში“ გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა ყველაზე დიდ უპირატესობას პირველ მეოთხედში მიაღწიეს, რომელიც 38-26 მოიგეს. ამის შემდეგ, დოკ რივერსის გუნდმა აღნიშნული ჰანდიკაპის დაქაჩვის და თამაშის შემოტრიალების საშუალება მასპინძლებს არ მისცა. სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა ტობიას ჰარისმა. „კლიპერსის“ ლიდერმა 27 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „სფერსში“ ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა – 30 ქულით და 14 მოხსნით. აღსანიშნავია, რომ სან ანტონიომ ბოლო ხუთ მატჩში მესამე დაპირისპირება წააგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში, მეექვსე ადგილზეა. „კლიპერსი“ კი მერვე პოზიციაზეა. დღესვე, ინდიანა „პეისერსმა“ საკუთარ მოედანზე უშანსოდ მოუგო შარლოტ „ჰორნეტსს“ – 120-95.