დერეკ როუზმა კორონავირუსისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა #1TVSPORT
დერეკ როუზმა ბოლო მატჩი „ნიუ იორკის“ შემადგენლობაში 28 თებერვალს გამართა. მას შემდეგ 32 წლის გამთამაშებელი კორონავირუსის პროტოკოლით გათვალისწინებული წესების გამო „ნიქსს“ ვეღარ ეხმარება.
ორშაბათს როუზმა განაცხადა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ COVID-19 გადაიტანა, თანაც საკმაოდ რთულ ფორმებში.
„ამდენი ხნის მანძილზე იმიტომ არ ვჩანდი, რომ კორონავირუსი გადავიტანე. ყველა სიმპტომი მქონდა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნება შემიძლია და ის დღეები წარსულს ჩაბარდა. ყველა სხვა ვირუსისგან გასხვავებული იყო. ამბობენ, რომ ყველას სხვადასხვა ფორმებში გადააქვს, ჩემს შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მძიმე ფორმებში გადავიტანე. ეს საერთოდ სხვა რამ იყო ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი. მთელ ჩემს ოჯახს გადავდე. მადლობელი ვარ, რომ ყველამ წარმატებით დავძლიეთ ეს დაავადება“, – განაცხადა როუზმა „ნიუ იორკ პოსტთან“ საუბრისას.
„ნიუ იორკის“ შემადგენლობაში როუზმა სულ 10 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მონაგარი 12.5 ქულა და 4.9 პასია.