„დერბი დელა მანდარინას“ მოულოდნელი შედეგი - ბათუმის „დინამომ“ „შუქურა“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე ტურში ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე ვერ ითამაშა. სტადიონზე ახალ საფარს აგებენ. შესაბამისად, „შუქურასთან“ მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართა და აჭარულ დერბიში, რომელიც ხუმრობით „დელა მანდარინად“ მონათლეს (მილანური დერბი, „მილანსა“ და „ინტერს“ შორის „დერბი დელა მადონინადაა“ ცნობილი) ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.
პირველ ტაიმში ქობულეთელებს რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმა მეკარე ლაზარე კუპატაძემ აუღო და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.
ბათუმელებმა ანგარიში საპასუხო შეტევაში გახსნეს – ლუკას გროზურეკის ჩინებული ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით ჯაბა ჯიღაურმა დააგვირგვინა – 1:0.
საგოლე მომენტი ამის შემდეგ ორივე გუნდმა შექმნა – შესვენებამდეც და მეორე ნახევარშიც, ქობულეთელები კონტშეტევებს ზოგჯერ კარგად ახორციელდებდნენ, ბათუმელები კი შეტევებს აგრძელებდნე, მაგრამ ბოლო მომენტში ორივე გუნდის შემტევებს სიზუსტე აკლდა.
ბათუმელები ამდენი რეალურ მომენტის განიავებისთვის დაისაჯნენ. 82-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ნიკა ჭანტურიამ კარში ზუსტად დაარტყა – კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ჭანტურიამ დაამატა – 1:1. მართალია, ბათუმელებმა ეს ეპიზოდი გააპროტესტეს. მათი აზრით, ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა, მაგრამ გამეორებაზე კარგად ჩანდა, რომ შეხვედრის არბიტრის გადაწყვეტილება ობიექტური იყო – ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა ბათუმის „დინამოს“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ქობულეთელებმა კი ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ქულა მოიპოვეს.
„დინამო“ ბთ – „შუქურა“ 1:1
გოლები: 1:0 ჯიღაური (43. გროზურეკის პასი:), 1:1 ჭანტურია (82. ჯერალდოს პასით)
05. 03. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“
„დინამო“ ბთ: ლ. კუპატაძე – ჩაბრაძე, მ. კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი (85. აზაროვი), ტეიდი (90+1. ზარია) – გროზურეკი (66. მანჯგალაძე), ნიქაბაძე (66. ფანცულაია), ჯიღაური
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„შუქურა“: თებიძე – გ. გაფრინდაშვილი (51. ფარტენაძე), ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე – ხმალაძე (62. ჩელებაძე), ჯეფერსონ ჯერალდო – ინგოროყვა (62. ჟუნინიო კაბრალი), კაკაშვილი, სარდალიშვილი – მუსელიანი (89. გურეშიძე)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე
გაფრთხილებები: კობახიძე (61), ჩალაძე (90+1), სარდალიშვილი (90+5)