დეპუტატი ბოგდან იარემენკო ​ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე - უკრაინას ხელი არაფერზე მოუწერია
დეპუტატი ბოგდან იარემენკო ​ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე - უკრაინას ხელი არაფერზე მოუწერია

პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი დეპუტატი, საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან იარემენკო აცხადებს, რომ უკრაინას პირველ ოქტომბერს გამართული მინსკის საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებზე „ხელი არაფერზე მოუწერია“. ამის შესახებ რადას დეპუტატმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„გუშინ არავის ხელი არაფერზე მოუწერია. სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელმა ლეონიდ კუჩმამ წერილობით აცნობა ეუთო-ს წარმომადგენელს, მარტინ საიდიკს, რომ უკრაინას აწყობს 2019 წლის პირველ სექტემბერს მინსკში ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების ხელმძღვანელების მრჩევლების მიერ შეთანხმებული ფორმულირებები“, – აღნიშნავს იარემენკო.

„უკრაინა მიემართება დონბასში სისხლისღვრის შეწყვეტის მიმართულებით, ამავე დროს არ თმობს არაფერს პრინციპულს – არც ტერიტორიულ მთლიანობას, არც სუვერენიტეტს, მინსკის შეთანხმებების თავისებურად ინტერპრეტაციის უფლებასაც კი“, – ნათქვამია ბოგდან იარემენკოს განცხადებაში.

დეპუტატის განმარტებით, შეთანხმება ეხება მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებულ წესებს. საკვანძო პოზიციები კი, მომდევნო მოლაპარაკებებზე იქნება შემუშავებული.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, მარტინ საიდიკის წერილს უპასუხა, რომ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ათანხმებს.

ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასა და მათთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი