მძიმეწონოსანი ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი ჟურნალისტებთან კვლავ მომავალ მეტოქეზე, ტაისონ ფიურიზე საუბრობს და ბრიტანელ ჩემპიონს აკრიტიკებს.
„მე მიმაჩნია, რომ ფიური თაღლითია, – ციტირებს უაილდერის სიტყვებს Boxing Scene. – ის ჩემპიონის სტატუსით სარგებლობს, რომ თავი რამედ წარმოიდგინოს. მას სხვებისგან სჭირდება დადასტურება, რადგან საკუთარი თავის არ სწამს.
დიახ, მან კლიჩკო დაამარცხა, მაგრამ ტიტული ერთხელაც არ დაიცვა. ამის შესახებ რატომ არავინ ლაპარაკობს? მე ამ კაცს მოვკლავ და კიდევ ერთ რეკორდს დავამყარებ“.
ორი დაუმარცხებელი ჩემპიონის ბრძოლა 22 თებერვალს ლას ვეგასში გაიმართება და დაპირისპირებას კრივის გულშემატკივრები უდიდესი ინტერესით ელოდებიან.
უაილდერისა და ფიურის პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს ჩატარდა. შეხვედრა მსაჯთა გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა. ფიური ქულებით იგებდა, თუმცა უაილდერმა მეცხრე რაუნდში „ბოშა“ ნოკდაუნში გაუშვა და მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ მატჩის ფრედ გამოცხადება სამართლიანი იქნებოდა.