პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს
ევროკომისიის რეკომენდაციიდან გამომდინარე, დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ოპოზიციის ნაწილი ესწრება.
სამუშაო ჯგუფის წევრებს დეოლიგარქიზაციის თაობაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, უკრაინული მოდელი გადაეცათ და სწორედ უკრაინულ მოდელზე მიმდინარეობს მსჯელობა.
სხდომაზე კითხვა დაისვა იმის თაობაზე, რატომ ხდება უკრაინული მოდელით მსჯელობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ევროკომისიამ უკრაინას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მათ მიერვე მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე მიუთითა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის მიცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათი სურვილია აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია. რაც შეეხება უკრაინულ კანონმდებლობას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ უკრაინული კანონი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რაც არის: შესაბამისი პირის პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი; დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე გამოითვლება; ასევე მედიაზე ზეგავლენა და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ქონა.
დეპუტატი განმარტავს, რომ პირი ოთხი კომპონენტიდან სამს თუ აკმაყოფილებს, ის ოლიგარქად მიიჩნევა. სამუშაო ჯგუფმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი 5 ოქტომბრამდე უნდა დააინიციროს, ხოლო მისი მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია – 29 ნოემბერი.