დენვერმა ბოსტონში მოიგო და გოლდენ სტეიტს გაუთანაბრდა
10:49, 19.03.2019
დღევანდელ სათამაშო დღეს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ორი ცენტრალური მატჩი გაიმართა. „თი დი გარდენში“ ბოსტონ „სელტიქსმა“ დენვერ „ნაგეტსი“ მიიღო და ანგარიშით 105-114 დამარცხდა. სტუმრები, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ. ბოლო მეოთხედში კი გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს. კოლორადოელებს ისევ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. სერბმა ცენტრმა 20 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „ნაგეტსი“ ამ გამარჯვების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში მოგება-წაგების მაჩვენებლით, „გოლდენ სტეიტს“ გაუთანაბრდა
„უორიორზმა“ თავისი შეხვედრა, სან ანტონიოში წააგო. აღსანიშნავია, რომ „სფერსმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ამჯერად, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მოქმედი ჩემპიონი ანგარიშით 111-105 დაამარცხა. მასპინძელთა შორის სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა დემარ დე როუზანმა. სან ანტონიოს ლიდერმა 26 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ჩაიწერა აქტივში. სტუმართა შორის 25 ქულა სტეფ კარიმ მოაგროვა, ხოლო კევინ დიურანტის ანგარიშზე 24 ქულა დაფიქსირდა. სან ანტონიო „სფერსი“ ამ წარმატებული სერიის შემდეგ, მე-6 ადგილზე იმყოფება და მინიმუმ სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. გოლდენ სტეიტს და დენვერს კი, 47 მოგებასთან ერთად, 22 მარცხი აქვთ. დამატებითი მაჩვენებლით, წინ ოკლენდელები არიან. რეგულარულის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი. პირველობის შანსი დასავლეთ კონფერენციაში რამდენიმე გუნდს აქვს.