დენვერი გოლდენ სტეიტს გაუთანაბრდა - ოკლაჰომამ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
14:20, 02.02.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი, ხუთი მატჩით გაგრძელდა. ცენტრალური დაპირისპირება „პეპსი ცენტრში“ შედგა, სადაც დენვერ „ნაგეტსმა“ ჰიუსტონ „როკეტსი“ მიიღო. დენვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დასავლეთ კონფერენციაში, ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი ეკუთვნით. „ნაგეტსმა“ მეტოქე 136:122 დაამარცხა. მასპინძლებს, მხოლოდ პირველი მეოთხედი ჩაუვარდათ, რომელიც 35:43 წააგეს. ამის შემდეგ კი, კოლორადოელებიშეუჩერებლები იყვნენ. გახსნილი და შედეგიანი თამაშის, გარდამტეხი მომენტი, მეორე 12 წუთიან მონაკვეთში დაფიქსირდა, რომელიც დენვერმა 48-28 მოიგო. გამარჯვებულთა შემადგენლობიდან 35 ქულით მაიკლ ბისლი გამოირჩა. შეუდარებელი იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე, ერთი პასი დააკლდა. სერბმა ცენტრმა 31 ქულა 13 მოხსნა და 9 პასი გაიფორმა. თამაშის ბოლოს, როდესაც გამარჯვებულის ბედი უკვე გარკვეული იყო, ჰიუსტონის ლიდერმა, ჯეიმს ჰარდენმა ურთულესი პოზიციიდან ჩააგდო სამქულიანი და მაინც შესძლო 30 ქულის მოპოვება და პირადი სტატისტიკა არ გაიფუჭა ( მინიმუმ 30 და მეტი ქულა ბოლო შეხვედრებში) დენვერ „ნაგეტსი“ ამ წარმატების შემდეგ, მოგება წაგების მაჩვენებლით გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 36/15 აქვს მაჩვენებელი. ჰიუსტონისთვის ეს ზედიზედ მეორე წაგება გამოდგა და ტექსასური კლუბი, მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა
შეუჩერებელია ოკლაჰომა და მისი ლიდერი პოლ ჯორჯი. „სითი თანდერმა“ ფლორიდაში, მაიამი „ჰიტი“ უპრობლემოდ, ანგარიშით 118-102 დაამარცხა. ჯორჯმა, თავის გუნდს 43 ქულით ულიდერა. „ოქეისის“ ფორვარდმა მეტოქეს ათი სამქულიანი ჩაუგდო და კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. ზედიზედ მეხუთე (სეზონში 18-ე) სამმაგი დუბლი გააკეთა რასელ ვესტბრუკმა. მისმა მონაგარმა: 14 ქულა 14 პასი და 12 მოხსნა შეადგინა. ოკლაჰომა, დასავლეთ კონფერენციაში, მყარად დამკვიდრდა მესამე ადგილზე და ლიდერებს, სამი მოგებით ჩამორჩება.
შარლოტი-მემფისი 100:92 იუტა-ატლანტა 128:112
ნიუ იორკი-ბოსტონი 99:113