დენვერი გოლდენ სტეიტს გაუთანაბრდა - ოკლაჰომამ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
დენვერი გოლდენ სტეიტს გაუთანაბრდა - ოკლაჰომამ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი, ხუთი მატჩით გაგრძელდა. ცენტრალური დაპირისპირება „პეპსი ცენტრში“ შედგა, სადაც დენვერ „ნაგეტსმა“ ჰიუსტონ „როკეტსი“ მიიღო. დენვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დასავლეთ კონფერენციაში, ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი ეკუთვნით. „ნაგეტსმა“ მეტოქე 136:122 დაამარცხა. მასპინძლებს, მხოლოდ პირველი მეოთხედი ჩაუვარდათ, რომელიც 35:43 წააგეს. ამის შემდეგ კი, კოლორადოელები შეუჩერებლები იყვნენ. გახსნილი და შედეგიანი თამაშის, გარდამტეხი მომენტი, მეორე 12 წუთიან მონაკვეთში დაფიქსირდა, რომელიც დენვერმა 48-28 მოიგო. გამარჯვებულთა შემადგენლობიდან 35 ქულით მაიკლ ბისლი გამოირჩა. შეუდარებელი იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე, ერთი პასი დააკლდა. სერბმა ცენტრმა 31 ქულა 13 მოხსნა და 9 პასი გაიფორმა. თამაშის ბოლოს, როდესაც გამარჯვებულის ბედი უკვე გარკვეული იყო, ჰიუსტონის ლიდერმა, ჯეიმს ჰარდენმა ურთულესი პოზიციიდან ჩააგდო სამქულიანი და მაინც შესძლო 30 ქულის მოპოვება და პირადი სტატისტიკა არ გაიფუჭა ( მინიმუმ 30 და მეტი ქულა ბოლო შეხვედრებში) დენვერ „ნაგეტსი“ ამ წარმატების შემდეგ, მოგება წაგების მაჩვენებლით გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 36/15 აქვს მაჩვენებელი. ჰიუსტონისთვის ეს ზედიზედ მეორე წაგება გამოდგა და ტექსასური კლუბი, მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა

შეუჩერებელია ოკლაჰომა და მისი ლიდერი პოლ ჯორჯი. „სითი თანდერმა“ ფლორიდაში, მაიამი „ჰიტი“ უპრობლემოდ, ანგარიშით 118-102 დაამარცხა. ჯორჯმა, თავის გუნდს 43 ქულით ულიდერა. „ოქეისის“ ფორვარდმა მეტოქეს ათი სამქულიანი ჩაუგდო და კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. ზედიზედ მეხუთე (სეზონში 18-ე) სამმაგი დუბლი გააკეთა რასელ ვესტბრუკმა. მისმა მონაგარმა: 14 ქულა 14 პასი და 12 მოხსნა შეადგინა. ოკლაჰომა, დასავლეთ კონფერენციაში, მყარად დამკვიდრდა მესამე ადგილზე და ლიდერებს, სამი მოგებით ჩამორჩება.

შარლოტი-მემფისი 100:92
იუტა-ატლანტა 128:112
ნიუ იორკი-ბოსტონი 99:113

დატოვე კომენტარი