დნეპროპეტროვსკში მდებარე ე.წ. ქოლცენტრების საშუალებით ერთ წელიწადში ევროკავშირის მოქალაქეებისგან, სულ მცირე, 1,2 მილიონი დოლარი მიითვისეს

18:29, 23.02.2026

დნეპროპეტროვსკში მდებარე ე.წ. ქოლცენტრების საშუალებით ერთ წელიწადში ევროკავშირის მოქალაქეებისგან, სულ მცირე, 1,2 მილიონი დოლარი მიითვისეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, დნეპროპეტროვსკში დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი და მისი ათი თანამზრახველი.

გამოძიების ცნობით, დაკავებული პირები ევროკავშირის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის ბირჟებზე ინვესტიციების დაბანდებას სთავაზობდნენ და მოტყუებით ითვისებდნენ თანხებს. სპეცოპერაცია, რა დროსაც თერთმეტი ადამიანი დააკავეს, უკრაინის ეროვნული პოლიციისა და ლიეტუველი და ლატვიელი სამართალდამცველების ჩართულობით ჩატარდა.

გავრცელებული ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფს დნეპროპეტროვსკში ოთხი ე.წ. ქოლცენტრი ჰქონდა მოწყობილი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ნაღდი ფული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 12-წლიანი პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

მსგავსი