დენის შმიგალმა უკრაინის ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო, ქვეყნის მოკავშირეებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა
დენის შმიგალმა უკრაინის ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო, ქვეყნის მოკავშირეებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქვეყნის ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო, მოკავშირეებთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ დენის შმიგალის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გამოცემის ჟურნალისტები გაეცნენ.

წერილში, რომლითაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოკავშირეებს მიმართავს, ნათქვამია, რომ უკრაინას ესაჭიროება მაკროფინანსური მხარდაჭერა, რათა 2024 წელს მთავრობის მუშაობა უზრუნველყოს. შმიგალი დონორების საკოორდინაციო ჯგუფს მიმართავს, კიევს ეს დახმარება უკვე მომავალი წლის იანვარში გადაურიცხონ, რომ მთავრობამ ძირითადი ბიუჯეტის საჭიროებები დაფაროს.

საუბარია თანხაზე, რომელიც საჭიროა პედაგოგების, სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისა და პენსიონერების კუთვნილი პენსიების გადახდაზე.

„ჩვენ ვერ დაველოდებით მარტამდე, რომ ჩვენი სოციალური საჭიროებები დავაფინანსოთ“, – ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში.

ასევე შმიგალი მოუწოდებს დონორებს, კოორდინირებულად იმოქმედონ, რათა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინის აღსადგენად მიმართვა მოხდეს.