დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის პორტებში 90 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული
დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის პორტებში 90 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტებში 90 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული.

აღნიშნულის შესახებ დენის შმიგალმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა ისინი შემდეგ კრიზისს ქმნიან, ისტორიაში პირველად სხვა ქვეყნების პორტების დაბლოკვით. ჩვენი მარცვლეულის 90 მილიონი ტონა ბლოკირებულია. მეტიც, ისინი რაკეტებით ჩვენს მარცვლეულის საწყობებს ბომბავენ. რაკეტებით ექვსი უმსხვილესი მარცვლეულის საწყობია განადგურებული“, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები უკრაინელ ფერმერებს ძარცვავენ და მათი ქონება საკუთარ ქვეყანაში გადააქვთ. მისი თქმით, უკრაინამ ეს საკითხი გაერო-ს და ყველა საერთაშორისო პარტნიორის დონეზე განიხილა.

„რუსეთი მსოფლიოში სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. თუ მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად არ მოვაგვარებთ ამ საკითხს, წლევანდელ მოსავალს ვერსად შევინახავთ. და ეს არის შემდეგი პრობლემა, რადგან სასურსათო კრიზისი მსოფლიოში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, მოიძიოს რუსეთზე ზეწოლის მოხდენის ბერკეტები, რათა შეიქმნას მარცვლეულისა და საკვების შესაბამისი ჰუმანიტარული დერეფნები იმ ქვეყნებისთვის მისაწოდებლად, რომლებიც ამ პროდუქტებს ელიან.