დენის შმიგალი - ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება
დენის შმიგალი - ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება

ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა ისაუბრა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმა სამ ეტაპს ითვალისწინებს.

„მთავარი პრიორიტეტი ახლა არის გადარჩენის ეტაპი – ზამთრის პერიოდის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის ეტაპი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

შმიგალის თქმით, რუსეთის ბოლო იერიშების შედეგად, უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების ნახევარი დაზიანდა. ელექტროენერგიის გეგმურმა და არაგეგმურმა გათიშვამ კი უკრაინის ეკონომიკის ყველა სექტორსა და სოციალურ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

„ელექტროენერგეტიკის საგანგებო მხარდაჭერის დაახლოებითი ღირებულება ფასდება 500 მილიონ დოლარად. ცენტრალიზებული თბომომარაგების სექტორის საგანგებო მხარდაჭერის დაახლოებითი ღირებულება ფასდება 500 მილიონ დოლარად“, – აღნიშნა შმიგალმა.