დენის შმიგალი - უკრაინასა და აშშ-ს შორის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის უკრაინის მთავრობამ საჭირო გადაწყვეტილებები მიიღო
უკრაინის მთავრობამ მიიღო უკრაინასა და აშშ-ს შორის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს.
შმიგალის თქმით, საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებაში ხუთი ძირითადი პრინციპია:
„1. თანასწორობა – ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით და ორივე მხარეს აქვს ხმის თანაბარი უფლება; 2. კონტროლის შენარჩუნება – უკრაინა ინარჩუნებს სრულ კონტროლს წიაღისეულზე, ინფრასტრუქტურაზე და ბუნებრივ რესურსებზე; 3. ახალი ინვესტიციები და არა ვალები – შეთანხმება არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებებს; 4. გარანტირებული ინვესტორები და მყიდველები – ფონდი განახორციელებს ინვესტიციას პროექტებში და უზრუნველყოფს პროდუქციის კომერციულ შესყიდვებს; 5. ევროინტეგრაციის კურსთან შესაბამისობა – შეთანხმება არ შექმნის დაბრკოლებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“,- აცხადებს შმიგალი.
მისივე თქმით, ფონდის მოგება მხოლოდ უკრაინაში იქნება რეინვესტირებული.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, ამ შეთანხმების წყალობით, უკრაინას შეუძლია, მოიზიდოს მნიშვნელოვანი რესურსები უკრაინის აღდგენისთვის, დაიწყოს ეკონომიკური ზრდა, მიიღოს უახლესი ტექნოლოგიები პარტნიორებისგან და აშშ-ის სახით შეიძინოს სტრატეგიული ინვესტორი.