დენის შმიგალი – რუსეთმა იერიში მიიტანა ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ქვესადგურზე, რაც მთელი ევროპის ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

23:42, 03.11.2026

რუსეთმა ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ქვესადგურზე იერიში მიიტანა, რაც მთელი ევროპის ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, მასშტაბური შეტევის დროს რუსეთმა ქვესადგურის მიმართულებით სამი დრონი გაუშვა.

აღნიშნული ობიექტი ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის სტაბილური მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შმიგალის განცხადებით, მომხდარის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსაც აცნობეს.

„მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის ბირთვულ უსაფრთხოებას“, — განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა მომხდარს ესკალაციისკენ მიმართული სერიოზული ნაბიჯი უწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ იმ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე, რომელიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს.

შმიგალის ცნობით, მასშტაბური იერიშის დროს რუსეთმა სულ გამოიყენა 289 დრონი, 17 ბალისტიკური და 59 ფრთოსანი რაკეტა. თავდასხმის ძირითადი სამიზნეები ელექტროსადგურები და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ქვესადგურები იყო.

მსგავსი