დენის შმიგალი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ორი დოკუმენტი ტექნიკურ დეტალებს მოიცავს, უკვე შეთანხმებულია და მათი რატიფიკაციისთვის კენჭისყრა საჭირო არ იქნება
უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების სამი დოკუმენტიდან ორი რატიფიცირებას არ საჭიროებს.
როგორც დენის შმიგალმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ორი დოკუმენტი მოიცავს ტექნიკურ დეტალებს, უკვე შეთანხმებულია და მათი რატიფიკაციისთვის კენჭისყრა საჭირო არ იქნება.
ამასთან, დენის შმიგალის თქმით, უკრაინის საინვესტიციო ფონდი შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება.
„წინასწარი შეთანხმებაა, რომ ფონდი შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდება, მაგრამ ანგარიში უკრაინაში იქნება და ვალუტა გრივნა იქნება“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.
კითხვაზე, ნამდვილად იგეგმება თუ არა შეთანხმების რატიფიკაცია 8 მაისს, უკრაის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამას რაც შეიძლება მალე გააკეთებენ.
„ჩვენ ვითხოვთ რატიფიკაციას რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.
ცნობისთვის, უკრაინამ და აშშ-მა წიაღისეულის შესახებ შეთანხმება 30 აპრილს გააფორმეს. შეთანხმების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.