დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება
დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება

უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიადგა.

„ჩვენ გვჯერა, რომ აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს რუსეთის და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს მასობრივი განადგურება და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე“, – განაცხადა შმიგალმა და აღნიშნა, რომ გაყინული რუსული აქტივები 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე ღირებულებისაა.

ლუგანოში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაში 40-ზე მეტი სახელმწიფო და 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.

კონფერენციაზე იგეგმება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის ე.წ. საგზაო რუკის შემუშავება.