დემურ ჩიხლაძე - ახალ სეზონში „სამგურალი“ კონკურენციას ნებისმიერ მეტოქეს გაუწევს #1TVSPORT
დემურ ჩიხლაძე - ახალ სეზონში „სამგურალი“ კონკურენციას ნებისმიერ მეტოქეს გაუწევს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ თურქულ შეკრებაზე რუმინულ „მიერკურეა ჩიუკისთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრასა და გუნდის ამბიციებზ ისაუბრა.

„ანტალიაში ყველანაირი პირობაა, გუნდი კარგად რომ მოემზადოს. ვფიქრობ, პირველი ეტაპიც, რომელიც წყალტუბოში გავიარეთ, ნაყოფიერი გამოდგა. განსაკუთრებით, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მხრივ. თურქულ შეკრებაზე კი ყურადღება უფრო მეტად ტექნიკა-ტაქტიკური ელემენტების გაუმჯობესებას ეთმობა. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და ამაღლებული განწყობა გვაქვს. „სამგურალს“ არაერთი ახალწვეული ჰყავს. ბევრს აქამდეც ვიცნობდით, ადრე სხვა გუნდებშიც გვითამაშია ერთად და მათთან ადაპტაცია და შეთამაშება არ გაგვჭირვებია. თუმცა ჯერ მოსამზადებელი ეტაპია, წინ ბევრი ამხანაგური თამაში გვაქვს და მოედანზე კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს“, – ამბობს დემურ ჩიხრაძე.

წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველმა „მიერკურეასთნ“ საკონტროლო მატჩიც შეაფასა:

„ამხანაგური სტატუსის მიუხედავად მოგება ძალიან კარგია, რადგან მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. ამავდროულად, აუცილებელია გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება და ამ მხრივ, გუნდისთვის ნებისმიერი თამაშის მოგება მნიშვნელოვანია. კარგი მეტოქე გვყავდა, ფიზიკურად შესანიშნავად იყვნენ მომზადებული. კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტიც შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გაგვაჩნია და ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში შევხვდებით“.

ჩიხრაძის თქმით, ახალ სეზონში „სამგურალს“ გაზრდილი ამბიცია ექნება:

„ამ გუნდში 4 სეზონი მაქვს გატარებული და ყველა მათგანში გუნდმა რაღაც მიზანს მიაღწია. ალბათ, ყველაზე გამორჩეული 2020 წლის სეზონი იყო, როცა, უმაღლეს ლიგაში დავწინაურდით და თასის მოგებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით… იმედი მაქვს, ყველაზე უკეთესი სეზონი წინაა. ამისთვის გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებენ, ფეხბურთელებიც  მოტივირებულები ვართ. ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ კონკურენციას. „სამგურალი“ იქნება გუნდი, რომელიც ყველა თამაშზე მოსაგებად გავა და მოწინააღმდეგეებს სიურპრიზებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, გულშემატკივრების მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გაცილებით ძლიერები ვიქნებით და წარმატებისთვის ვიბრძოლებთ“.