„დემონსტრაციებს უკვე ვეღარ ვუძლებ“: პარიზში მოვაჭრეები შიშობენ, რომ მორიგი კვირაც რთული იქნება
მას შემდეგ, რაც გასული უქმეების აქციები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე ქუჩის ძალადობაში გადაიზარდა, მორიგი დემონსტრაციების წინ, პარიზის ცენტრში, მალზერბის ბულვარზე, „სამსუნგის“ მაღაზიის ვიტრინის დასაცავად, მუშები ხის ფარებს ამონტაჟებენ. 2026 წლის 23 ოქტომბერი
17 ოქტომბრის შემდეგ რესპუბლიკის მოედანი ნორმალურ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. ახლა აქ უკვე 5 ნოემბრისთვის დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ოპტიკის მაღაზიის მეპატრონე მიიჩნევს, რომ უბნის რეპუტაცია ძალიან არის შელახული.
საფრანგეთის ბევრი სხვა ქალაქის ცენტრალური ნაწილის მსგავსად, მომხმარებელთა ნაკადის შემცირებას პარიზის რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე უბნის მოვაჭრეებიც უჩივიან. კომენდანტის საათის, შაბათობით უსაფრთხოების მიზნით მეტროსადგურების დახურვისა და შეტაკებების ამსახველი კადრების გამო, რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ზოგიერთ მოვაჭრეს უკვე მთელი უქმეების განმავლობაში მაღაზია დაკეტილი აქვს. მათ 5 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციაც აფიქრებთ.
ოპტიკის მაღაზიის მფლობელი, ფლორიან კოენი თითქმის დაცარიელებულ ვიტრინას აწესრიგებს. 17 ოქტომბრის შემდეგ, ყოველ უქმეზე, ის საქონლის ნაწილს უსაფრთხო ადგილას ინახავს. „საქონელს ზემო სართულზე მდებარე ოთახში, სეიფში ვკეტავ, დილით კი მაღაზიის დახლების და ვიტრინების ხელახლა შევსება მიწევს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი დაძაბულობა, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყოველდღე საქონლის წაღება-მოტანა ძალიან დამღლელი და მძიმე საქმეა“, – ამბობს ის.
„გადავწყვიტე, მაღაზია ყოველ შაბათს დავხურო “
მის მაღაზიას თავდასხმა არ განუცდია, მაგრამ რისკზე წასვლა არ სურს: „გადავწყვიტე, მაღაზია ყოველ შაბათს დავხურო, რადგან ვეღარ ვუძლებ – საპროტესტო აქციები აღარ მინდა“. დანაკარგის თუნდაც ნაწილობრივ ასანაზღაურებლად, ახლა იგი კვირას ნაშუადღევს ხსნის მაღაზიას. თუმცა მომხმარებლების დასაბრუნებლად ეს საკმარისი არ არის. ზოგიერთი მასთან პირადად რეკავს, რათა დარწმუნდეს, რომ მაღაზია ჯერ კიდევ არსებობს: „ყოველდღე სამი, ოთხი, ხუთი ზარი შემოდის. როგორც ყველამ, მათაც ტელევიზიით ნახეს კადრები, რომ ყველაფერი დარბეული და დაზიანებულია, ეს კი აშინებთ. ფიქრობენ: „აჰ, რესპუბლიკის მოედანი? კარგი იქნება, თუ ამ ადგილს მოვერიდებით“.
ამიტომ, უბნის სხვა მოვაჭრეებთან ერთად, მან მერიას ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წამოწყება სთხოვა. მისი მიზანი მომხმარებელთა დამშვიდება და კლიენტებისთვის იმის თქმაა, რომ უბანში საყიდლებზე ისევ იარონ, მათ შორის – უქმეებზეც. ოპტიკის მაღაზიის მფლობელის შეფასებით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, მისი შემოსავალი და საქონელბრუნვა 30-40%-ით შემცირდა.