„დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონპროექტი კონგრესში წარადგინეს
„დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონპროექტი კონგრესში წარადგინეს

„დემოკრატებმა“ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონპროექტი კონგრესში წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საიმიგრაციო კანონპროექტი აშშ-ში მცხოვრებ 11 მილიონამდე ემიგრანტს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, მოქალაქეობის მიღების გზას სთავაზობს.

353-გვერდიან კანონპროექტს „რესპუბლიკელების“ მხრიდან საჯარო მხარდაჭერა არ აქვს. როგორც „როიტერი“ წერს, კანონპროექტის მოწინააღმდეგე „რესპუბლიკელთა“ შორის ზოგიერთი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის გავლენის ქვეშაა, რომელსაც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გზა ჰქონდა არჩეული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ უმრავლესობა აქვთ მოპოვებული, სენატში კი 50/50-ზეა, სადაც გადამწყვეტი ხმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს. „დემოკრატებს“ ათი „რესპუბლიკელი“ სენატორის ხმა დასჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ პროცედურული სირთულე, რომელმაც შესაძლოა, კანონპროექტის ხმის მიცემის გადადება ან დაბლოკვა გამოიწვიოს.

როგორც დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი აცხადებს, რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ კანონპროექტის მიმართ დაინტერესება გამოხატა, თუმცა კანონმდებელმა მათი ვინაობა არ დააკონკრეტა.

როგორც მენენდესმა აღნიშნა, „დემოკრატები“ ნებისმიერ შესაძლებლობას განიხილავენ, რათა საიმიგრაციო რეფორმის მიღება შეძლონ, მათ შორის არის პროცედურული ნაბიჯების გამოყენება, რომლითაც კანონპროექტის მისაღებად 51 სენატორის ხმის მიღება საკმარისი იქნება.

დატოვე კომენტარი