დემოკრატებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობა განიხილეს
დემოკრატებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობა განიხილეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსმა დემოკრატ კონგრესმენებთან ერთად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა.

აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ტრამპის გარემოცვის მოქმედი და ყოფილი წევრები კონგრესში დანიშნულ მოსმენაზე მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რითაც ხელს უშლიან კონგრესს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებაში.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თქმით, „პრეზიდენტი ფაქტობრივად ხელს უშლის მართლმსაჯულებას, რაც შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საბაბი.“

ამ განცხადებას დონალდ ტრამპის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა დატოვა და მოუწოდა დემოკრატებს, „მისი იმპიჩმენტის ნაცვლად კანონმდებლობაზე იფიქრონ.“

„ბიბისის“ ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებთან სხვა საკითხებს არ განიხილავს, ვიდრე მის წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყდება.

დემოკრატები აშშ-ის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშის დეტალებს იკვლევენ და კონგრესში ტრამპის გარემოცვის ყოფილი და მოქმედი წევრების მისვლას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მიულერი დონალდ ტრამპის და რუსეთის შესაძლო კავშირების საქმეს იძიებდა, თუმცა საბოლოოდ ეს კავშირი არ დაადასტურა.