„დემოკრატები“ დონალდ ტრამპს „ამბოხის წაქეზებისთვის“ წაუყენებენ ბრალს
„დემოკრატები“ დონალდ ტრამპს „ამბოხის წაქეზებისთვის“ წაუყენებენ ბრალს

„დემოკრატები“ დონალდ ტრამპს „ამბოხის წაქეზებისთვის“ წაუყენებენ ბრალს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც იუწყებიან, შესაბამის რეზოლუციას „დემოკრატიული პარტიის“ წევრები თბილისის დროით 20:00 საათზე წარმომადგენელთა პალატაში წარადგენენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, კანონმდებლებმა აღნიშნულ რეზოლუციაზე მუშაობა 6 იანვარს დაიწყეს, მას შემდეგ რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტრამპი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უსაფუძვლოდ აყენებდა ეჭვქვეშ. აღნიშნული ბრალდება მან 6 იანვარს კაპიტოლიუმთან გამართულ აქციაზეც გაიმეორა. პროექტში ასევე ნახსენებია, ტრამპის სატალეფონო საუბარი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანთან, რომელშიც ამერიკული მედიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით საჭირო ხმების მოძიებას ითხოვს.

„პრეზიდენტმა საფრთხე შეუქმნა აშშ-ის უსაფრთხოებას და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, 13 იანვარს უყრიან.

დატოვე კომენტარი