დემჩენკო გორში დაბრუნდა - ბათუმის „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
დემჩენკო გორში დაბრუნდა - ბათუმის „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ეს იყო ევროთასებზე გორელთა მონაწილეობის გამო გადადებული შეხვედრა, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობის ჰქონდა – გორელების ყოფილმა მწვრთნელმა ევროტურნირის შემდეგ „დილა“ დატოვა და კონკურენტ გუნდში, ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.

ბათუმელებმა სწრაფად გახსნეს ანგარიში და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. უკვე მეორე წუთზე, კონტრშეტევაზე გიორგი წიტაიშვილმა მცველს დაასწრო და ბათუმელები დააწინაურა. ეს ეროვნულ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მოთამაშის პირველი გოლი იყო.

მე-14 წუთზე „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური ლევან ხარაბაძემ გახადა, რომელმაც კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში მახვილი კუთხიდან გააგზავნა. „დილამ“ ამის შემდეგ აქტიურად შეუტია, მაგრამ ბათუმელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ გორელები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ საკუთარ კარში მესამე გოლი მიიღეს. 58-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან პაატა ღუდუშაურმა ბურთი კარისკენ წაიღო და ზუსტად დაარტყა – 0:3. გორელებს 67-ე წუთზე ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბათუმელთა მეკარემ, როინ კვასხვაძემ მიკოლა კოვტალიუკს პენალტი აუღო. 71-ე წუთზე ბათუმელების მოთამაშეს, ვიქტორ ვიერა ვიტინიოს მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გაააძევა. მე-80 წუთზე კი „დილას“ შემტევმა მიშიკო სარდალიშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამას შედეგზე დიდი გავლენა აღარ მოუხდენია, ბათუმის „დინამომ“ 3:1 მოიგო.

დემჩენკოს გუნდი ეროვნულ ლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ 55 ქულით გათამაშების ლიდერია და კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (48) უკვე უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. გორის „დილა“ კი 41 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა.