დელისა და მუმბაიში ინდოეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

20:01, 04.10.2026

დელისა და მუმბაიში ინდოეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ახალგაზრდა მომიტინგე და ოპოზიციის მხარდამჭერი შეიკრიბა. შეკრებილები ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციაში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რაც, მათი თქმით, მილიონობით ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობას არ მისცემს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ცვლილებები პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მმართველი პარტიის, ბჰარატია ჯანატას (BJP) სასარგებლოდ იმოქმედებს და მას არჩევნებში გამარჯვებას გაუადვილებს.

„როიტერის“ ცნობით, დედაქალაქ ნიუ-დელიში მომიტინგეებმა შეკრება საღამოს დაიწყეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რადენიმე აქტივისტი დააკავეს.

ინდოეთის საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების ჩვეულებრივი განახლება შეცვალა „სპეციალური ინტენსიური გადასინჯვით“ (SIR), რომლის ფარგლებშიც კომისიის თანამშრომლები სახლებში დადიან, ამომრჩევლები აღრიცხვის ფორმას ავსებენ, სადაც მათ თავად უნდა დაადასტურონ ასაკი და მოქალაქეობა საბუთებით, რაც ადრე საჭირო არ იყო. იმ შემთხვევაში თუ კომისიის წარმომადგენლები მათ შესავსებ ფორმას ვერ გადასცემენ ან პირები საბუთებს ვერ წარადგენენ, მათ სიიდან ამოიღებენ.

ამასთან, მილიონობით პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი და საბუთები არ აქვს, სავარაუდოდ, არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს. საარჩევნო კომისია კი აცხადებს, რომ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხმის რამდენჯერმე მიცემის პრევენციას და გარდაცვლილების საარჩევნო სიებიდან მოხსნას.

მსგავსი