დელფინები შავ ზღვაში: როგორ ცვლის ომი და გლობალური დათბობა მათ ცხოვრებას?
საილუსტრაციო ფოტო
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის“ გემზე მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის კვლევის თანახმად, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში დელფინების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიზეზი სასიკეთო ცვლილებებში არ უნდა ვეძებოთ. სხვა რა სიახლეები შენიშნეს მკვლევრებმა ზღვაში მცხოვრები ამ ძუძუმწოვრების ქცევაში და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
არა, მათ არც ჩვენი დანახვა უხარიათ და არც ჩვენი გაცნობის სურვილი ამოძრავებთ. თუმცა, ისეთი გონიერები არიან, რომ გემის არ ეშინიათ და მის მიერ წარმოქმნილ ტალღებზე „სერფინგით“ ტკბებიან. ისინი ამას ახლაც ისეთი სიამოვნებით აკეთებენ, როგორც ათასწლეულების წინ აფრიანი გემების გვერდით. თუმცა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ამჟამად მეცნიერების კვლევის ობიექტს წარმოადგენენ.
დიმიტარ პოპოვი – საზღვაო ბიოლოგი, ორგანიზაცია „მწვანე ბალკანეთი“: „ზღვის ძუძუმწოვრების, კერძოდ კი ვეშაპისნაირების გავრცელებისა და პოპულაციის ფარგლების შესახებ კვლევას ბულგარეთის კონტინენტური შელფის სამხრეთ ნაწილში ვატარებთ“.
მიგლენა ანტონოვა – „გრინფის-ბულგარეთის“ დირექტორი: „ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ შავ ზღვაში მათი ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაცია მოვაგროვოთ და განვსაზღვროთ, როგორ მოვახერხოთ მათი უკეთ დაცვა“.
მარტინ ტომოვი – „გრინფის-ბულგარეთის“ კამპანიის კოორდინატორი: „კვლევა ტარდება როპოტამოს დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა სპეციალურად გამოარჩიეს, როგორც ყველაზე უკეთ შემონახული და, ამავდროულად, ყველაზე ინტენსიურად ათვისებული ზონა, რაც მას ქვეყნის პირველი საზღვაო ნაკრძალისთვის ყველაზე შესაფერის ადგილად აქცევს“.
შავ ზღვაში დელფინების სამი სახეობა ბინადრობს: ჩვეულებრივი დელფინები, რომელთაც ხშირად ვხედავთ გემის წინა ნაწილთან ხტუნვის დროს, ასევე აფალინები და ზღვის ღორები. რა ემუქრება მათ პოპულაციებს ისეთი მრავალრიცხოვანი საფრთხეების პირობებში, როგორებიცაა, მაგალითად, ომი და გლობალური დათბობა? ბოლო კვლევა ამ საკითხებზე ოკეანოლოგიის ინსტიტუტმა 2017 წელს ჩაატარა.
დიმიტარ პოპოვი: „სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი ამ ტიპის კვლევა, რომელიც საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივით ბულგარეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მოეწყო. ასე რომ, უკვე ცხრა წელია, რაც მსგავსი მონიტორინგი არ განხორციელებულა“.
მეცნიერთა გუნდი ინტერნაციონალურია. ის, თუ როგორ უმკლავდებიან დელფინები ცვლილებებს, ყველაზე დიდ ინტერესს უკრაინელ საზღვაო ბიოლოგებში იწვევს.
დოქტორი კარინა ვიშნიაკოვა – საზღვაო ბიოლოგი, უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის ცენტრი: „ომით გამოწვეული საფრთხეები მასშტაბური სამხედრო-საზღვაო ოპერაციებით გამოწვეულ ხმაურს, აფეთქებებს, დაბინძურებას და ტოქსიკურობას უკავშირდება“.
კვლევა საკმაოდ იმედის მომცემია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ „გრინფისის“ გემი აღჭურვილია ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობით – ჰიდროფონით, ანუ წყალქვეშა მიკროფონით, რომლის მეშვეობითაც დელფინებს შორის არსებული კომუნიკაციის ჩაწერა და მისი ანალიზი გახდა შესაძლებელი.
მარტინ ტომოვი: „ჰიდროფონის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ მოვახდინოთ დელფინებისა და მათი სხვადასხვა ქვესახეობის იდენტიფიცირება. ეს არის უზარმაზარი კაბელი, რომელიც 350 მეტრზეა გაჭიმული. გემის უკან მისი ასეთ მანძილზე გაჭიმვა საკმაოდ მძიმე ფიზიკური სამუშაოა“.
გარეგნულად, ის შლანგს ჰგავს, მაგრამ შიგნით სილიკონით ან მინერალური ზეთით არის შევსებული. ეს ნივთიერება მექანიკური რხევებისგან პიეზოკრისტალების იზოლირებას ახდენს, რათა მხოლოდ ბგერითი ტალღებით, მათ შორის ულტრაბგერითი ტალღებით გამოწვეული სუსტი ვიბრაციების აღქმა იყოს შესაძლებელი.
რობერტ ზიგლიცკი – „გრინფისი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა“: „ეს ხმა ძალიან ნაცნობია და ე. წ „ტკაცუნის“ ბგერებიც ძალიან მკაფიოდ ისმის. თუმცა, ჩვენ ზღვის ღორების სიგნალები არ გვესმის. ისინი ძალიან მაღალ სიხშირეებზე გადაიცემა და ადამიანის სმენისთვის მიუწვდომელია“. დიმიტარ პოპოვი: „დელფინების სოციალური კომუნიკაცია, ანუ სიგნალები, რომლებსაც ისინი ცვლიან და რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ტკაცუნს, არამედ ე.წ. „სტვენასაც“, გაცილებით სიღრმისეულად არის შესწავლილი. თუმცა, შავი ზღვის ზღვის ღორების ენა დელფინების ენისგან აკუსტიკურად ძალიან განსხვავდება. ის გაცილებით მაღალ სიხშირეზე მუშაობს – ეს მათი ბიოსონარია“.
ასე რომ, ზღვის ღორების აღმოჩენის ერთადერთი გზა ჰიდროფონია.
ზღვის ღორები, შესაძლოა, ისეთივე მიმზიდველად არ გვეჩვენება, როგორც ჩვეულებრივი დელფინები, მაგრამ რაოდენობრივად ამ უკანასკნელზე ბევრად მეტნი არიან. ისინი ჩვენს კონტინენტურ შელფზე დომინანტი სახეობაა.
ზღვის ღორების „ენის“ ან მათი აკუსტიკური პროფილის უკეთ შესწავლა საშუალებას იძლევა, პინგერები ან მცირე ზომის აკუსტიკური მოწყობილობები უფრო ზუსტად დაკალიბრდეს გამაფრთხილებელი სიგნალების გამოსაცემად. როდესაც ასეთ მოწყობილობებს სათევზაო ბადეებზე ამაგრებენ, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ასობით ზღვის ღორის ბადეში გაბმა და დაღუპვა.
დოქტორი კარინა ვიშნიაკოვა: „სელაპების ზოგიერთი სახეობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ფსკერზე ჩაშვებული ბადეები, რომლებიც ღორჯოს დასაჭერად გამოიყენება. ისინი ხშირად ებმებიან ამ ბადეებში, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია“.
შეიარაღებული კონფლიქტი დელფინებისთვის კიდევ ერთი სერიოზული საფრთხეა. ამდენად, ბუნებრივია, რომ ბევრი „ომგამოვლილი“ დელფინი სწორედ ჩვენს (ბულგარეთის – რედ.) ტერიტორიულ წყლებში პოულობს თავშესაფარს.
დიმიტარ პოპოვი: „ბულგარეთის წყლებში რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ასეთი დელფინების გამორჩეულად მაღალი რაოდენობა და სიმჭიდროვე, რაც მომატებული ხმაურით გამოწვეულ ეფექტს მივაწერეთ“.
გარდა ამისა, დელფინებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებასთან – წყლის ტემპერატურის მატებასთან – უწევთ ადაპტაცია: ეს აიძულებს თევზის გუნდებს, რომლებითაც ისინი იკვებებიან, უფრო ღრმა წყლებში გადაინაცვლონ, სადაც წყალი უფრო გრილია და მეტ ჟანგბადს შეიცავს. ამაზე საპასუხო რეაქცია აქვთ დელფინებსაც.
მიგლენა ანტონოვა: „აგვისტოს მეორე ნახევარში, ჩვეულებრივი დელფინების ძალიან დიდი ნაწილი ცივ წყლებში, 20-მილიანი ზონის მიღმა და ღია ზღვაშიც კი გვხვდება“.
გარკვეულწილად ამითაც უნდა აიხსნას შედარებით თხელ კონტინენტურ შელფზე ზღვის ძუძუმწოვრების ამჟამინდელი არყოფნას. თუმცა, იმოქმედებს თუ არა ან როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები მათ ქცევაზე, ისეთი კითხვებია, რომლებიც რეგულარულ, ხანგრძლივ დაკვირვებასა და ანალიზს მოითხოვს.