კახაბერ გოგოტიშვილი - ვიზალიბერალიაცია დიდი მონაპოვარია და უფლება არ გვაქვს, არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ
კახაბერ გოგოტიშვილი - ვიზალიბერალიაცია დიდი მონაპოვარია და უფლება არ გვაქვს, არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ

ვიზალიბერალიაცია საქართველოსთვის დიდი მონაპოვარია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, – ეს განცხადება დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა, სადაც უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს და მოქალაქეების თავშესაფრის ან სამუშაოს საძიებლად სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.

„საქართველოს ეკლესიისთვის ეს საკითხი ძალიან მტკივნეული საკითხი გახლავთ, ვგულისხმობ იმას, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს. საქართველოს მოქალაქეები ხშირად თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით და სამუშაოს საძიებლად მიემგზავრებიან. შესაბამისად, ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ამ ადამიანებს შეაგონოს, რომ იქნებ, რაღაც გამოსავალი აქ ადგილზე იპოვონ და სხვა ქვეყანაში თავშესაფარი არ ეძებონ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიაცია რისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, საქართველოსთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარია და ჩვენ უფლება არ გვქვს არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, რადგან ერთია, მე პირადად რა მჭირდება და მეორეა – ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, საინფორმაციო კამპანიაში საპატრიარქოც ჩართულია და თავის მხრივ შეეცდება, მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციაზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა.