დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - შაკო ბარამიძის საკითხი განხილვის პროცესშია, გადაწყვეტილება გამოვა ამ ადამიანის სულის სასარგებლოდ და ოჯახის სანუგეშებლად
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - შაკო ბარამიძის საკითხი განხილვის პროცესშია, გადაწყვეტილება გამოვა ამ ადამიანის სულის სასარგებლოდ და ოჯახის სანუგეშებლად

ეს საკითხი მწვავეა, განხილვის პროცესშია და ყველა შემთხვევაში გამოვა გადაწყვეტილება, ამ ადამიანის სულის სასარგებლოდ და ოჯახის სანუგეშებლად, – ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში გააკეთა.

როგოც დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი განმარტავს, გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას თავისი წესი აქვს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ეს ყველასთვის ტრაგედიაა და ყველასთვის ტკივილია. ასეთ დროს რაღაცით სპეკულირება ნებისმიერი მხრიდან, დაუშვებელია. ეს ეკლესიის მყარი პოზიციაა. რაც შეეხება წესის აგებას, ეს არის წესი, რომელიც სრულდება ეკლესიის წევრზე, ეკლესიის შვილზე. შეიძლება ვიკითხოთ, ყველა არ არის ეკლესიური ადამიანი და ყველა არ ცხოვრობს ისე, მაგრამ ეკლესია მაინც უგებს წესს. ეკლესიის შვილი ამ შემთხვევაში ნიშნავს არა კონკრეტული მოძღვრის შვილს, არამედ ეკლესიის შვილს, რომელიც მოინათლა ქრისტიანად. როდესაც ადამიანი დედას იცვლის, ანუ სხვა ეკლესიის წევრი ხდება, ეს წესი უკვე ძალას კარგავს. დღეს საუბრობენ, რომ ეს მოხდა ჯარიდან თავის არიდების მიზნით, მიზეზით, რომელსაც არ აქვს რელიგიური დატვირთვა და ასე შემდეგ – აქ საქმე გვაქვს სიჩქარესთან. ამ ეტაპზე მე როგორც ვიცი, ეს კონკრეტული შემთხვევა არის განხილვის პროცესში,“ – განაცხადა დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის წევრი იყო, რის გამოც, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადეს.

ამასთან, ​ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ განაცხადა, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს პატრიარქთან განიხილავენ.