დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოდან ოფიციალურ წერილს სავარაუდოდ ხვალ მივიღებთ
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოდან ოფიციალურ წერილს სავარაუდოდ ხვალ მივიღებთ

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მოადგილის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის საპატრიარქოდან ზეპირი პასუხი მივიდა, რადგან რუსეთის პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება და მასთან პირადი საუბარი შეუძლებელი იყო.

ამის შესახებ დეკანოზმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი პატრიარქის წერილის პასუხად, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ჩანოსვენების თაობაზე, მოგვივიდა ზეპირი პასუხი. შედგა საუბარი რუსეთის საპატრიარქოსა და ჩვენ შორის.

მოგეხსენებათ, რუსეთის პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. შესაბამისად, მასთან პირადი საუბარი შეუძლებელი იყო. გვესაუბრა საგარეო განყოფილების წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოსი. მან გვითხრა, რომ წერილის მიღებისთანავე რუსეთის პატრიარქი ჩაერთო ამ საქმიანობაში, მოიძია საკონტაქტო პირები და დაუკავშირდა ცხინვალში ამ საქმეში ჩართულ პიროვნებებს.

ვისაც რაიმე ძალაუფლება გააჩნია, ცხედრის გადმოსვენების თაობაზე, მათ გვითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალში ექსპერტიზაზეა, რომლის დასრულების შემდეგაც ცხედარს ტატუნაშვილის ოჯახში წითელი ჯვარი გადაასვენებს.

ამასთან, მისივე ცნობით, ოფიციალური წერილი რუსეთის საპატრიარქოდან სავარაუდოდ ხვალ მიიღებენ, თუმცა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე წერილის მოსვლა დამოკიდებული არ არის.

„ვიცით, რომ წითელი ჯვრის საზოგადოება ჩაერთვება ამ პროცესში და მათი დახმარებით მოხდება ცხედრის გადმოსვენება. ტექნიკურ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. რუსეთის საპატრიარქოში განგვიცხადეს, რომ ამჯერად ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალში ექსპერტიზაზეა, რომლის დასრულების შემდეგაც წითელი ჯვარი ცხედარს გადმოასვენებს.

ვადებზე არ ყოფილა საუბარი, იყო მხოლოდ სიტყვიერი შეპირება. რუსეთის საპატრიარქოდან ოფიციალური წერილი სავარაუდოდ ორშაბათს ჩამოვა.

წერილი უბრალოდ ახსნა და განმარტება იქნება, თუ რა გააკეთა რუსეთის საპატრიარქომ. შეიძლება დღესვე მოხდეს გადმოსვენება, ან უახლოეს დღეებში, წერილზე არაა დამოკიდებული გადმოსვენების საკითხი“,- განაცხადა კახაბერ გოგოტიშვილმა.