Defence24 – ალჟირი რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას ევროკავშირის საჰაერო სივრცის გავლით აწვდის
ალჟირი რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას ევროკავშირის საჰაერო სივრცის გავლით აწვდის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პორტალი Defence24 ავრცელებს.
მათი ცნობით, ალჟირის სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ რუსეთში ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ, პოლონეთის საჰაერო სივრცის გავლით და მოსკოვს სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან.
მათივე ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ალჟირის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, Lockheed C-130H-30 Hercules-მა, კვლავ დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე. მისი გამოჩენა პოლონეთის სამხედრო რადარმა 06:45 საათზე დააფიქსირა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ალჟირიდან, ბუფარიკის საჰაერო ბაზიდან გაფრინდა.
სამხრეთიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლამდე მან იტალიის, ხორვატიის, უნგრეთის და სლოვაკეთის საჰაერო სივრცეები გაიარა. იქიდან კი აღმოსავლეთისკენ გაემართა სანამ ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდოდა. საბოლოოდ, ის მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.
როგორც Defence24 წერს, ეს ფრენა შემთხვევითი არ ყოფილა და ის ალჟირსა და რუსეთს შორის სამხედრო ლოჯისტიკის ნაწილია, რომელიც უკვე გარკვეული დროა რეგულარულად ტრანზიტით გადის ევროპის საჰაერო სივრცეში.
ბოლო კვირების განმავლობაში მსგავსი მარშრუტები ასევე გაიარეს Il-76MD-ებმა, C-130H/H-30 Hercules და LM-100J Super Hercules-მა. ეს არის სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებიც არა მხოლოდ „ტვირთის“ ტრანსპორტირებას, არამედ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მხარდაჭერასაც ემსახურება.