დედაქალაქის გარდა, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები რეგიონებშიც იმართება
დედაქალაქის გარდა, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები რეგიონებშიც იმართება

დედაქალაქის გარდა, საგანმანათლებლო, კულტურული წარმოდგენები, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები რეგიონებშიც იმართება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილმა მოუწოდა ყველას, მივიდნენ დღეს რუსთაველის გამზირზე, რადგან ბევრი საინტერესო რამ იქნება წარმოდგენილი.

„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე ყველას მივულოცო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დღე იქნება. ჩვენ ძალიან ფართოდ ვართ წარმოდგენილი. აქ არის ჩვენი უნივერსიტეტები, სტუდენტები თავიანთი სამეცნიერო გამოგონებებით და სხვადასხვა ლაბორატორიით, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ინფორმაცია მიიღოს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება ბავშვებისთვის. ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის კუთხეები​, წიგნის გამოფენები. მაგალითად, ფრანკფურტში ძირითადად ის ახალი გამოცემული წიგნები ცალკე გვაქვს წარმოდგენილი. გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა ფართოდ არის წარმოდგენილი კულტურული ღონისძიებები, სპორტული კუთხეები, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენს სპორტსმენებთან ერთად შეუძლია, ძალიან ბევრ სპორტულ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა. დედაქალაქის გარდა, სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული წარმოდგენები, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები ყველა რეგიონში იმართება. რეგიონები აქტიურად ჩავრთეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და ამის მონაწილე გავხდეთ, რადგან ბევრი საინტერესო რამ იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.