დედაენის ბაღი თბილისში პირველ სპორტულ ფესტივალს მასპინძლობს #1TVSPORT
დედაენის ბაღში ტარდება თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი Sport Fest, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, მოყვარულებსა და პროფესიონალებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალზე რამდენიმე ზონა იყო, სადაც წარმოადგინეს სპორტის სხვადასხვა სახეობები – კლასიკური, ურბანული და ოფროუდ სპორტი, ასევე საბავშვო, საპიკნიკე და სტრიტ ფუდ ზონები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპორტის 30 სახეობა – ფეხბურთი, ფარიკაობა, ძიუდო, რაგბი, ტექბოლი, ამერიკული სპორტის სახეობები, Offroad სპორტი, მთის სპორტები, ჯიუ ჯიცუ, ურბანული სპორტი, ტანვარჯიში, ფარიკაობა, ველოსპორტი, სათავგადასავლო ტურიზმი და ა.შ.
Sport Fest-ზე ასევე მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული მაღაზიების, ფიტნეს დარბაზებისა და მთის კურორტების სტენდები. ღონისძიების ორგანიზატორი ყოფილი სპორტსმენი რეზი პეტრიაშვილია, ხოლო პარტნიორი – საქართველოს პირველი არხი.
„Sport Fest-ის იდეა მოდის იქიდან, რომ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ისეთი ღონისძიების ჩატარება, სადაც ყველა ასაკის ადამიანი სპორტით დაკავდებოდა. Sport Fest აუცილებლად ჩატარდება ყოველწლიურად და შესაძლოა, წელიწადში რამდენჯერმეც – და არა მხოლოდ თბილისში, არამედ, რეგიონებშიც გავალთ. ვეცდებით, რომ სპორტში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ“, – ამბობს რეზი პეტრიაშვილი.