დეანჯელო რასელს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება - „მინესოტას“ კალათბურთელი ექვს კვირას გამოტოვებს
„მინესოტას“ რეგულარული სეზონის გაგრძელება გარკვეული პერიოდი დეანჯელო რასელის გარეშე მოუწევს. ESPN-ის ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, „ტიმბერვულვზის“ გამთამაშებელს მუხლზე გარკვეული პროცედურა ჩაუტარდება და ის მოედანს მინიმუმ ექვსი კვირა ვერ დაუბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით „მინესოტამაც“ დაადასტურა.
მინესოტელებისთვის მიმდინარე სეზონი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. გუნდს ახლახან დაუბრუნდა კარლ ენტონი ტაუნსი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა. დეანჯელო რასელი „ვულვზის“ ძირითადი გამთამაშებელია. ის 20-დან 19 მატჩს ძირითად ხუთეულში იწყებდა და საშუალოდ 19.3 ქულასა და 5.1 გადაცემას აგროვებდა. პარკეტზე რასელი საშუალოდ 29.2 წუთს ატარებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 40%-იანი სიზუსტით ისვრის.