დე პაული - მესი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა, ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვარჯიშობს #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა ისაუბრა გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესისა და არგენტინელების მიზნების შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.
„საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მხეცი (ლიონელ მესი), ვთამაშობთ ქვეყნისთვის, ლეო ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ის ჩემთვის უფროსი ძმასავითაა, მას ყოველთვის დავიცავ. ცოტამ თუ იცის, რას აკეთებს ის, რომ ყოველთვის საუკეთესო იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, მინდა, რომ ყველაზე მეტი სიამოვნება მიიღოს მსოფლიო ჩემპიონატით – მან ეს დაიმსახურა.
პირველი თამაში მძიმე დარტყმა იყო. ოთახში ჩავიკეტეთ და ყველაფერი განვიხილეთ. აქ ამერიკის თასის მოგების შემდეგ წარმატების დიდი რწმენით მოვედით. პირველ მატჩში მარცხის შემდეგ კი ყოველი მომდევნო თამაში ჩვენთვის ფინალი იყო, რადგან უნდა მოგვეგო, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი ქვეყნის და მისი ნაკრების მაისურის სიყვარულით. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უმკლავდება თავის პრობლემებს, ივიწყებს ყველაფერს, როცა ჩვენს თამაშს უყურებს. მათი გახარება დიდი სიამაყეა. მე ვცხოვრობ ოცნებით, რომლის აღწერა შეუძლებელია. უნდა ვიყო მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვითამაშებ, ჩემ გვერდით კი ჩემი ოჯახი და შეყვარებული არიან, რომლებიც მხარს მიჭერენ“, – განაცხადა დე პაულმა The Sun-თან ინტერვიუში.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში კი არგენტინის ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს – თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.