დე ბრუინმა „სიტის“ მაისურით მე-100 საგოლე გადაცემა შეასრულა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და  4:0 დაამარცხა. გვარდიოლას გუნდმა ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე გახსნა. კევინ დე ბრუინმა მარჯვენა ფლანგიდან ჯონ სტოუნსს ულამაზესი პასი გაუკეთა, რომელმაც თავით კარისკენ დაარტყა და გოლი გაიტანა. ბელგიელმა ფეხბურთელმა „ქალაქელების“ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით მე-100 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

29 წლის ფეხბურთელისთვის პრემიერლიგაში ეს 76-ე პასი იყო, ამ შედეგით დე ბრუინი ტედი შერინგემს გაუთანაბრდა, რომელიც საგოლე გადაცემების რაოდენობით ჩემპიონატის ისტორიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბელგიელმა ნახევარმცველმა 20 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა და ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა. ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 15 თამაშში 10 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ამ მოგებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. გვარდიოლას გუნდს 35 ქულა აქვს, 2 ქულით ჩამორჩება „მანჩესტერ იუნაიტედს“ და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.