დონალდ ტრამპმა ფედერალურ სარეზერვო სისტემას აშშ-ის ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა უწოდა
დონალდ ტრამპმა ფედერალურ სარეზერვო სისტემას აშშ-ის ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს საკუთარ ტვიტერზე გამოქვეყნებულ სტატუსში ფედერალურ სარეზერვო სისტემას, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, აშშ-ის ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა უწოდა.

აღნიშნული კომენტარის გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი კიდევ 2 პროცენტით დაეცა. დოლარი იაპონურ ვალუტა იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში საშუალოდ 0.27 პროცენტით გაუფასურდა, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა, ხოლო ნავთობის ფასი 6 პროცენტით შემცირდა და წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დადგა.

ამის გამო, ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებმა დამდეგ შობას „შავი შობა“ უწოდეს.

ამერიკის საფონდო ბაზრები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისედაც ვარდნას განიცდიდნენ, რის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორადაც ანალიტიკოსები თეთრ სახლსა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დაძაბულობას ასახელებენ.

ამერიკის საფონდო ბირჟების წამყვანი ინდექსის S&P 500-ის დეკემბრის თვეში დაფიქსირებული ვარდნა ასეთი მკვეთრი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. სექტემბერთან მიმართებაში ეს ინდექსი თითქმის 20 პროცენტითაა გაუფასურებული.

ტრამპს მიაჩნია, რომ ფინანსური ბაზრების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ფედერალურ სარეზერვო სისტემას ეკისრება.

როგორც ცნობილია, ცენტრალურმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გაზარდა და პრეზიდენტის კრიტიკაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

„ჩვენი ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა არის ფედერალური სარეზერვო სისტემა. ისინი ვერ გრძნობენ ბაზრებს,“- დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომი პაუელის დათხოვნას აპირებს, რადგან პაუელი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის უარყოფით დამოკიდებულებას მთავრი საპროცენტო განაკვეთის ზრდის პოლიტიკის მიმართ და არჩეულ კურსს განაგრძობს. ტრამპის ოფისი ხმებს უარყოფს, თუმცა მისი განცხადებებიდან გამომდინარე ინვესტორებისთვის ეს უარი დამაჯერებლად არ ჟღერს.