დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შვაბეს წინააღმდეგ ბრალდება ანონიმური მოწმის წერილის საფუძველზე დაიწყო. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ შვაბე და მისი ოჯახი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსებს და უძრავ ქონებას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.

გამოცემის ცნობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მხარი დაუჭირეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შვაბეს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას სერიოზულად უდგებიან, თუმცა ეს ბრალდებები ჯერ დამტკიცებული არ არის და ისინი დაელოდებიან შიდა გამოძიების შედეგს. თავად კლაუს შვაბემ ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ანონიმური წერილის ავტორთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

კლაუს შვაბემ 21 აპრილს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლაუს შვაბეს წინააღმდეგ ბრალდებები გაისმა. 2024 წელს შვაბეს ადანაშაულებდნენ სამსახურში ტოქსიკური კულტურის დამკვიდრებაში. კერძოდ, საუბარი იყო სექსუალური შევიწროებისა და შავკანიანი და ქალი თანამშრომლების დისკრიმინაციის შემთხვევებზე, რომლებიც სათანადოდ არ იყო გამოძიებული. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მსგავსი ფაქტების მტკიცებულები ვერ მოიპოვა.